ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს მართავს – მინისტრი მონტენეგროელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროელ კოლეგას შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრედრაგ ბოსკოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა აქცენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა.
მინისტრებმა მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებამდე განვლილ ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს და ამ მხრივ მონტენეგროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოში ნატოს მეტი ჩართულობა დაასახელა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მონტენეგროს მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.