კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტი განაგრძობს დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტების აქტიურ შემოწმებას.
სეს-ს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა 19 ობიექტში. აქედან, 7 ობიექტზე გამოვლინდა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიც არის ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, სურსათი ეტიკეტის გარეშე.
· ი/მ მაჯეედ შაკკეერ – კაფე-ბარი რესტორანი (მის: ბერძენიშვილის ქ. N4. ს/კ 305726916), საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი;
· შპს „ალ ბეიქ გრილლს“ – ინდური რესტორანი (მის: ლუბლიანას ქუჩა 19ა, ს/კ 422955902), გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ზედაპირების არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, გამწოვის სისტემის გაუმართაობა, ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევა;
· „100 არაბული რესტორანი“ – სწრაფი კვების ობიექტი (მის: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი 27, ს/კ 300451936). ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები-გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა;
· ი/მ იაშპალ შარმა – ინდური რესტორანი (მის: ქ. თბილისი, პეკინის გამზირი 31 ბ, ს/კ 305726275). ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობა – არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა;
· შპს „ტაი ინ თაუნ“ – კაფე-ბარი/რესტორანი, (მის: თბილისი, კოტე აფხაზის 17, ს/კ 404626561). აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები – მღრღნელები ობიექტზე, გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა;
· Fiesta (შპს ,,მდ ენთერფრაისის”) – კაფე-ბარი/რესტორანი (მის: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, გიორგი სააკაძის ქ. N 156, ს/კ 406479591), დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა – ინფრასტრუქტურის და გამწოვი სისტემის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, ეტიკეტირების წესის დარღვევა;
· შპს „სარეია ტრეიდინგი“- მზა კერძების წარმოება-რეალიზაცია (მის: პეტრე ბაგრატიონის ქ. N 33, ს.კ 404596941), აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები – ინფრასტრუქტურის და გამწოვი სისტემის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, კანონმდებლობის შესაბამისად, დააჯარიმეს ბიზნესოპერატორები და შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერეს საწარმოო პროცესი.
კანონმდებლობის თანახმად, კრიტიკული შეუსაბამობა არის ისეთი ტიპის დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და ჯარიმის გარდა, არსებული მდგომარეობის გამოსწორებამდე საწარმოო პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს. ბიზნესოპერატორს შესაძლებლობა აქვს, გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ, სააგენტოს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმართოს. თუ განმეორებითი კონტროლი დაადასტურებს, რომ ობიექტზე აღმოფხვრილია კრიტიკული შეუსაბამობები, სააგენტო ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესის გაგრძელების უფლებას ანიჭებს.