არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თბილისში, მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს შეასრულებს იმ ფარგლებში, რასაც ქვეყნის ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს.

“თავმჯდომარეობის ფარგლებში გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, რომ ევროპის საბჭოს სამუშაო პროცესი უზრუნველვყოთ ისე, როგორც ეს წინა თავმჯდომარე ქვეყანამ გააკეთა. ეს არის დადგენილი პრაქტიკა და ჩვენ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს. არავითარი კომპრომისი და არავითარი დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. ბატონ ლავროვთან და რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები ჩვენ გავაკეთეთ, ახლა ოპოზიციის უკან მიდევნებული მკაცრი რიტორიკა აქ არაფერს არ ცვლის. ჩვენ კარგად ვიცით, რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც ჩვენ შევხვდებით რუსეთის დელეგაციას თუ მის წარმომადგენლობას – მინისტრებს, თუ ხელმძღვანელ პირებს, ჩვენი პოზიციები იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი. რაც შეეხება ამ ღონისძიების ჩატარებას, ჩვენ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმატით ჩატარდება. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული და ჩვენ ასევე შევასრულებთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები