ქართული თაფლის ნიმუშებში დარღვევები შემცირდა
სურსათის ეროვნული სააგენტო თაფლის ნიმუშების კვლევას ყოველწლიურად ახორციელებს. 2019 წელს სააგენტომ, თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა ნარჩენი ნივთიერებების დადგენის მიზნით, ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიაში თაფლის 100_მდე ნიმუში გადააგზავნა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, დარღვევა დაფიქსირდა 9 ნიმუშში (ნიმუშებში აღმოჩნდა ქლორამფენიკოლი და მეტრონიდაზოლი), მაშინ როცა, 2018 წელს, 100 ნიმუშიდან დარღვევა 54-ში აღინიშნა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, თაფლის ნიმუშებში დარღვევების შემცირება სახელმწიფო პოლიტიკის და გატარებული ღონისძიებების შედეგია.
„სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ამოწმებს თაფლის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, მათ ინფრასტრუქტურას, იღებს თაფლის ნიმუშებს. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეფუტკრე ფერმერებთან. პრეპარატების გამოყენების წესებთან დაკავშირებით, ჩატარდა არაერთი სწავლება; მეფუტკრეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვებ რაოდენობებსა და საერთოდ აკრძალულ ნივთიერებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტით, მკაცრად არის გაწერილი”, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, ფალსიფიკაციისგან დაცვის და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირების მიზნით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს კონტროლის სისტემა და თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ შესაბამისი სტანდარტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე გაიტანონ.