კახა კალაძე: საქართველო საერთოდ არ იციან, ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და ევროპარლამენტში შემოგვიშვეს
არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან, სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და ევროპარლამენტში შემოგვიშვეს, – ასე სარკასტულად გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას.
კალაძის თქმით, სამადაშვილი სერიოზული პასუხის ღირსი არ არის.
“რა პასუხი უნდა გავცე სამადაშვილის სისულელეებზე. მე მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან, სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და ევროპარლამენტში შემოგვიშვეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ევროპარლამენტში არავინ არ იცნობს. “რთულია, სევდა არ შემოგაწვეს ევროპარლამენტში, როდესაც გახსენდება, რომ უპრეცედენტოდ, გამონაკლისის სახით, ორჯერ მოიწვიეს პრეზიდენტი სააკაშვილი აქ პლენარულ სხდომაზე გამოსასვლელად, ისტორიული მნიშვნელობის სიტყვით გამოვიდა. მთელი პარლამენტი საქართველოზე, მის მხარდაჭერაზე საუბრობდა. ახლა კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა”, – დაწერა სამადაშვილმა.