ალექსანდრე ხვთისიაშვილი გაეროს საკითხებში იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაეროს საკითხებში იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან სეიიჩი კონდოსთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცეს. აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გათვალისწინებით, ორმხრივი ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოითქვა.
ბატონმა სეიიჩი კონდომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეხვედრაზე, საუბარი ასევე წარიმართა მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე კმაყოფილება გამოითქვა. გაეროს ფარგლებში მხარეთა პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.