“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მარტვილში შეხვედრები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს.
საერთო კრებები და კონსულტაციები თამაკონის, ბანძის, დიდი ჭყონის და ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.
შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და აკაკი ხუნწელია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით, თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.
ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირების და გაბიონების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერის მოწყობა, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შემდეგი შეხვედრა გაჭედილის და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართება.