სოსო არჩვაძე: ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტის მნიშვნელობა იმითაცაა განპირობებული, რომ ისევ მანქანების მწკრივი დგას კობის გზაზე
ძალიან მნიშვნელოვანია ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტი. ამ გზამ არამხოლოდ წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა უნდა გადაჭრას, გადაადგილებაც უსაფრთხო უნდა გახადოს, – ამის შესახებ ექსპერტი სოსო არჩვაძე აცხადებს.
მისი თქმით, ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტის მნიშვნელობა იმითაცაა განპირობებული, რომ კობის გზაზე ისევ მანქანების მწკრივი დგას.
“ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტის მნიშვნელობა იმითაცაა განპირობებული, რომ ისევ მანქანების მწკრივი დგას კობის გზაზე. ეს მონაკვეთი წლის განმავლობაში ზამთრის სეზონზე უამრავჯერ იკეტება. ავტომანქანებისა და მისი მგზავრების გარდა, გარე სამყაროს მოწყვეტილია მიმდებარე სოფლებიც.
ისედაც დაცლილ სოფლებს, როგორ შეიძლება გზა არ სჭირდებოდეს?! ხომ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სოფლად, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, მოსახლეობის მიგრაციას სწორედ საგზაო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ჩამორჩენილობა ან საერთოდ, არარსებობა განაპირობებს.
საერთოდ, როგორ შეიძლება, თანამედროვე სამყაროში საერთაშორისო სტანდარტებით აშენებულ გზაზე თქვა უარი?! გზას მოაქვს ახალი შესაძლებლობებიც, ეკონომიკური სიძლიერეც, ადგილობრივი მოსახლეობის ჯეთილდღეობა და ტურისტიც გზამ უნდა მოიყვანოს. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტი. ამ გზამ არამხოლოდ წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა უნდა გადაჭრას, გადაადგილებაც უსაფრთხო უნდა გახადოს, გზის გამტარუნარიანობაც უნდა გაზარდოს, მიტოვებული სოფლებიც უნდა გააცოცხლოს. თან, რამდენადაც ვიცი, საინჟინრო თვალსაზრისით ისეთი მასშტაბის პროექტია, როგორითაც ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. რაც შეეხება გვირაბს, მსგავსი უმეცარი არგუმენტი, რომლითაც მანიპულირებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, წარმოუდგენელია. ნებისმიერი მიზნით ასეთი მნიშვნელოვანი თემით მანიპულირება, უბრალოდ არასახელმწიფოებრივია. ნუ დაგვავიწყდება, რომ გვირაბი, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი იქნება, ქვეშეთში იწყება და ისევ საქართველოში – ყაზბეგში მთავრდება. მისი დანიშნულება ისევ საქართველოს მთიანი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაა. ის გზა, რომელიც დღეს გვაქვს, დაბალი გამტარუნარიანობის გამო აფერხებს რეგიონში ტურიზმის და სოფლის მეურნეობის პოტენციალის სრულად ათვისებასაც. ასე რომ, ნუ ვიქნებით კარგი საქმის წინააღმდეგი. ცოტა მეტი გონიერებით დავინახოთ ყველაფერი.
დიახაც რომ ეს ის გზაა, რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ადგილობრივ მოსახლეობას “კეთილდღეობის ტაძრამდე” მიიყვანს,”- ახცადებს სოსო არჩვაძე.