მამუკა მდინარაძე: თუ სააკაშვილს განზრახვა აქვს, მთელი თავისი ცოდვები მერაბიშვილს გადააბრალოს, არ მგონია, ეს ვინმემ მოცემულობად მიიღოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ღრმა პოლიტიკური კრიზისი უდგას.

​მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იდეურმა ნაცებმა დატოვეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა ესირცხვილებათ.

„თუ მიხეილ სააკაშვილს განზრახვა აქვს, მთელი თავისი ცოდვები მხოლოდ ვანო მერაბიშვილს გადააბრალოს, არ მგონია, ეს ვინმემ მოცემულობად მიიღოს. ამ კაცს დიქტატორის თვისებები და მოთხოვნები რომ აქვს, ცნობილია. მას უდგას ღრმა პოლიტიკური კრიზისი, როგორც ჩანს, ყველა მიმართულებით. მან მოითხოვა იმის ფორმალიზება, რაც რეალურად ხდება. მისია ყველანაირი რესურსი – მატერიალური და ელექტორალური, რაც ახლა ძალიან შემცირებულია, მაგრამ ამ ყველაფრის ფორმალიზება მოითხოვა. მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ იკრიბებიან სხვა პარტიებიც. ამაში დავრწმუნდით, ამის არაერთი აღიარება და დოკუმენტური მასალებიც ვნახეთ. მიხეილ სააკაშვილმა არჩია, არ იყოს ერთ-ერთი, იყოს ლიდერი, როგორც ეს სინამდვილეშია და ოპოზიციურმა პარტიებმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. თუმცა, ეს სხვებმა არ მოიწონეს, რადგან სირცხვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი იყო და ამ ფორმით მას მხარს უჭერდე. აქედან გამომდინარე, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ბათუ ქუთელიობა გამოუვიდათ, რომ დამოუკიდებლები ვართო, თუმცა რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ იდეურმა ნაცებმა დატოვეს, რადგან მათაც ესირცხვილებათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა. შიგნით ბევრი კრიზისული მომენტი იქნება, წინ საინტერესო პოლიტიკური მოვლენები გველოდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა, ან 2024 წლამდე აუცილებლად დაიშლება, რადგან არ შეიძლება სხვანაირად. ჯანსაღ პარტიებს ოპონირების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ქვეყნისთვის საუკეთესო მოცემულობაა, „ნაციონალური მოძრაობასავით“ სასირცხვილო და მარგინალური ძალა არ არსებობდეს, იყოს რეალური ძალა, რომელიც ხელისუფლებას საგნობრივ და ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს“, – განმარტა მდინარაძემ.

​საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, გუშინ ვანო მერაბიშვილის შეცდომებზე ისაუბრა.
“მე ვხედავ იმ შეცდომებსაც რაც დაუშვა ვანო მერაბიშვილმა, იმ გადაცდომებსაც ვხედავ, რაც მაშინ ჩვენ სისტემებში დაუშვეს. რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, თუმცა შეიძლება ესეც არ ყოფილიყო შემაკავებელი და ასე ჩაეგდო ხელში ჩვენი ქვეყანა პირად დუქნად. ამიტომ, რათქმაუნდა ამის პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანზეა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები