ალი ბაბაევი: ალიევმა გატარებული რეფორმით ხალხის ნდობა უფრო მოიპოვა – ის გამოცდილი პოლიტიკოსის შვილია

აზერბაიჯანში 9 თებერვალს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად, ეგზიტპოლის მონაცემით, მმართველმა გუნდმა „ენი აზერბაიჯანმა“ 125 მანდატიდან 69 მოიპოვა. დამოუკიდებელი კანდიდატები, მილი მეჯლისში 41 სავარძელს დაიკავებენ. 125-კაციან პარლამენტში მოხვედრას 1314 კანდიდატი ცდილობდა, რომლებიც 20 პარტიას, საინიციატივო ჯგუფებს წარმოადგენდნენ, ან დამოუკიდებლად წარდგნენ.

საარჩევნო პროცესს 883 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. როგორც საქართველოს ცესკოს წარმომადგენელმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ცესკოს მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა, მათ პროცესის უზრუნველყოფა მაღალ დონეზე შეძლეს.

აზერბაიჯანში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა 2019 წლის დეკემბერში, ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, საკანონმდებლო ორგანო დაშალა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მანამდე, ალიევმა რიგი რეფორმა გაატარა, კერძოდ, შეცვალა პრემიერ-მინისტრი და საპრეზიდენტო ადმინისტრაციასა და მთავრობაში ე.წ. „ძველი გვარდიის“ წარმომადგენელთა დიდი ნაწილი სამსახურებიდან გაათავისუფლა. ამ გზით კი, მან საზოგადოებაში არსებული მოლოდინები გაამართლა.

როგორც „კვირასთან“ საუბარში, საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელმა, ალი ბაბაევმა, ბაქოში განაცხადა, ალიევმა „იმ „სინდრომის“ დაშლა შეძლო, რომლის მიხედვით, ადამიანები წლების განმავლობაში სავარძელში ისხდნენ და მართავდნენ. საკადრო ცვლილებების განხორციელება წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა“.

„როცა შავი კარდინალები და ცნობილი ადამიანები მოკალათებულნი იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურაში და სახელმწიფოს განვითარების საშუალებას არ აძლევდნენ – ზუსტად ილჰამ ალიევმა დაიწყო საკადრო პოლიტიკა თავისივე აპარატში, ეს იქნება მინისტრთა კაბინეტის ცვლილება, ქალაქის მერის ჩანაცვლება და ა.შ. მან ეს რეფორმა მიიყვანა იმ დონემდე, რომ ეს პოლიტიკა გატარებულიყო საკანონმდებლო ორგანოში, აქაც, ამ შემთხვევაში დეპუტატების ნახევარზე მეტი, იყვნენ ადამიანები, რომლებიც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მერე, 1984 წლიდან პარლამენტის დეპუტატებად ირიცხებოდნენ“, – აღნიშნა ბაბაევმა.

კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მაშინ როდესაც მორიგი არჩევნების ჩატარებამდე 9 თვე რჩებოდა, ბაბაევი ამბობს, რომ „ილჰამ ალიევის ერთ-ერთი პირველი სურვილი იყო, რეფორმის გატარება საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის განახლება, ახალი სახეების მოყვანა, უფრო ახალგაზრდები უნდა წამოსულიყვნენ წინა პლანზე”.

„შედეგიც ამას მოწმობს. აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ამდენი კანდიდატი არასდროს ყოფილა – 125 მანდატისთვის 2000-მდე ადამიანი იბრძოდა. ვფიქრობ, პარლამენტი უნდა იყოს ქვეყნის სახე, მთავრობა შეიცვალა, პრეზიდენტის აპარატი მთლიანად შეიცვალა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ხელმძღვანელობა თითქმის შეიცვალა. რაც შეეხება 9 თვეს, ილჰამ ალიევი გამოცდილი პოლიტიკოსის შვილია – მას უნდა აზერბაიჯანი მართლა დამოუკიდებელ ქვეყნად აქციოს. ძალიან ბევრ საკითხში არ ეთანხმება ევროპული სტრუქტურების მიდგომებს – მოგეხსნებათ, „ესენგეს“ ქვეყნების წევრია, მაგრამ ბევრ საკითხში მათ აზრს ყურადღებას არ აქცევს. მას უნდა აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, თუმცა მას არ უნდა ვიღაცების მითითებით მოქმედება. გარე ძალების მხრიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაც იყო. შესაბამისად, ეს სამთავრობო ცვლილებები და პარლამენტის დათხოვნა ილჰამ ალიევის მხრიდან მიუთითებს იმაზე, რომ მან ამით ეს პრობლემა გადაჭრა და კიდევ უფრო მეტად მოიპოვა ხალხის ნდობა. ამას მიუთითებს ისიც, რომ მოსახლეობა ალიევის ამ ნაბიჯებს პოზიტიურად შეხვდა. შეიძლება ითქვას ალიევმა ხალხის ნდობა მისდამი უფრო განამტკიცა. ძველი კორუმპირებული ჩინოვნიკები არენიდან გამოიყვანა და მმართველობა გააახალგაზრდავა”, -განმარტა ალი ბაბაევმა.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელმა ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს, აზერბაიჯანში არ არსებობს ძალა, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობაზე იფიქრებს. ალი ბაბაევმა ოპოზიციური სპექტრი ორ ფენად დაყო და აღნიშნა, რომ არსებობს, მაგალითად, ერთ მხარეს, აგრესიული „მუსავათი“ და „სახალხო ფრონტი“, რომლებიც დამოკიდებული არიან გარე ძალების დაფინანსებაზე, მართავენ მიტინგებს და ასე შემდეგ; და არსებობს მეორე ოპოზიცია – კონსტრუქციული, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა ძალადობისა და ექსცესების გარეშე, არჩევნების გზით სურს.

„წლების განმავლობაში აზერბაიჯანში ვცხოვრობდი და ოპოზიციურ სპექტრს ძალიან კარგად ვიცნობ. „მუსავათი“ და „სახალხო ფრონტი“ 90-იან წლებში ძალიან აქტიურები იყვნენ, ხელისუფლება ხელში ძალადობის მეშვეობით ჩაიგდეს და იყვნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში. მე ვნახე მათ მიერ ქვეყნის მართვის პროცესი, ეს ადამიანები დღესაც კი ვერ გაერთიანდნენ, ამიტომ ოპოზიცია გაყოფილია სხვადასხვა ფენად. ერთი არის, რომ ოპოზიცია არის კონსტრუქციული, რომელიც ხელისუფლებაში მოდის ძალადობისა და ექსცესების გარეშე, არჩევნების გზით. მეორე ძალა – „მუსავათი“, აგრესიული „სახალხო ფრონტი“ და სხვები დამოკიდებულნი არიან სხვა გარე ძალების დაფინანსებით, დიდი მიტინგებით ა.შ… საქმე იმაშია, რომ მათ ხალხი არ ენდობა, მათ თავიანთი გზა უკვე გაიარეს, ამიტომ სამომავლოდ აზერბაიჯანში უნდა ველოდოთ კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობას, ისეთი ოპოზიციის, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობაზე იფიქრებს. ასეთი ძალა ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა, პოტენციალი შეინიშნება. მაგალითად, პარტია „ძლიერი აზერბაიჯანისთვის“, ძალადობის წინააღმდეგნი არიან, მათ უნდათ რომ ერქვათ კონსტრუქციული ოპოზიცია. მათ სურთ რომ საშუალო ხელფასი იყოს 500 მანათი, პენსია იყოს 300 დოლარი და ბოლოს, მათ სურთ რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, ასეთი პარტიები არიან – ისინი ფიქრობენ არა ქვეყნის დანგრევაზე, არამედ მომავალზე“,- განაცხადა ალი ბაბაევმა.

საარჩევნო პროცესზე საუბრისას საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელმა თქვა, რომ პროცესს ბევრი ქვეყნის დამკვირვებელი ესწრებოდა და ყველა მათგანი „კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნები“.

მისი თქმით, დრო აჩვენებს, როგორ იმუშავებენ ახლადარჩეული დეპუტატები თუ პარტიები ქვეყნის სასიკეთოდ.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელი ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო უფრო გაღრმავდება.

„აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. მოგეხსენებათ, საქართველოს დელეგაცია ეწვია აზერბაიჯანს, დიპკორპუსი, ჟურნალისტები, რომლებიც ძალიან აქტიურად აშუქებენ საარჩევნო და მიმდინარე პროცესებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობა დღითიდღე უფრო გაღრმავდება, როგორც სტრატეგიული, მეზობელი და როგორც მეგობარი ქვეყნების“, – განაცხადა ბაბაევმა “კვირასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები