რომან კაკულია “ფრონტერაზე”: ბიზნესმენები ადასტურებენ, რომ ბიზნესგარემო გაცილებით თავისუფალია
პარლამენტის ეკონომიკური და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ კომპანია „ფრონტერას“ სხვადასხვა ინტერპრეტაციამ ინტერესთა კავშირების სხვა მნიშვნელოვანი პროცესები უფრო შეაფერხა, ვიდრე სახელმწიფომ, მათი საქმიანობა.
აღნიშნულით კაკულია კომპანია “ფრონტერას” განცხადებას ეხმაურება.
კაკულიას თქმით, „ფრონტერას“ განცხადებაშიცაა აღნიშნული და თავადაც იმედით უყურებს საკითხს, რომ საქართველოში ნავთობისა და გაზის საბადოების ათვისების მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელება გაგრძელდეს.
„მეც ვიმედოვნებ, რა ვიცი, ყველანი იმედით ვუყურებთ. რაც შეეხება თანამშრომლების გათავისუფლებას, ცხადია, კერძო კომპანიას აქვს თავისი ექსკლუზიური ვალდებულება, მაგრამ გონივრულობა, რა თქმა უნდა, დაკარგული არ უნდა იყოს, ზოგადად დამოკიდებულება როგორ არის ამ პროცესის მიმართ, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია მათთვის, თუ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში მომავალში აპირებენ ინვესტიციების გაგრძელებას და თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში.
შანსი ყოველთვის დამოკიდებულია საქმიანობის კონკურენტუნარიანობაზე, რასაც ისინი აკეთებენ და მხარდაჭერა მათ ყოველთვის ჰქონდათ, შესაძლებელია, ზედმეტიც კი. ბიზნესის მიმართ მხარდაჭერა არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც რაღაც კერძო, ცალკე საკითხი.ზოგადად, ფონი ასეთია ჩვენს ქვეყანაში – თუ გვინდა, რომ ინვესტიციები განვითარდეს, მთლიანობაში ყოველი კერძო საკითხი უნდა იყოს კერძოდ განხილული, მაგრამ ბიზნესის მხარდაჭერის საერთო ფონი არ უნდა შეიცვალოს. ეს ერთ-ერთი მიღწევა იყო ამ ქვეყანაში, ბიზნესმენები ყველანი ადასტურებენ, რომ გარემო გაცილებით უფრო თავისუფალია და არავითარი წნეხი არ არსებობს, რაც, ცხადია, შესანარჩუნებელია“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ ნავთობისა და გაზის საძიებო და მოპოვების ამერიკული კომპანია “ფრონტერა” განცხადებას ავრცელებს. „ფრონტერაში“ აცხადებენ, რომ ბოლო დროს მათი საქმიანობის შესახებ საქართველოში ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და განმარტავენ, რა საქმიანობას ეწევა კომპანია საქართველოში 1997 წლიდან.