პრემიერი: ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს
“ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ინარჩუნებს იმედს, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება.
„რადგან ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოპოზიციად წოდებულმა აგენტურამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არის მისი პატრონი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როდესაც 99 პროცენტით კვლავ გაერთიანებული აგენტურული ოპოზიცია ისევ აშშ-ს სთავაზობს საკუთარ „მომსახურებას“ მათი განცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს ფაქტი ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს.
ევროპულ ბიუროკრატიას არაფორმალური გავლენისგან განთავისუფლება მოკლევადიან ან თუნდაც, საშუალოვადიან პერსპექტივაში რომ ძალიან გაუჭირდება, ამაში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის ბრიტანულმა სანქციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ იმედს, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება. ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება იქნება.
ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს. საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა არა მოჩვენებითი მოვლენა და არაფორმალური ძალების რებრენდინგის მცდელობა, არამედ გულწრფელი და რეალურია. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს. ყველაფერს უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი.
დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე უკეთ წარმოაჩინა, თუ ვინ არის ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღწვის ხელისუფლებაში მოსახვედრად მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველოში უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს“, – განაცხადა პრემიერმა.