გურამ მაჭარაშვილი – არ მგონია “ნაცმოძრაობის” ქორწინება ან განქორწინება რაიმე სახის გავლენას მოახდენს არჩევნებზე
“ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა ან შეერთება საპარლამენტო არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შესაძლო დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მათი გადასაწყვეტია.
„მათგან არაფერი არ გამიკვირდება, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით რა პროცესები დაიწყო, ამის მომსწრე არაერთხელ ყოფილა საზოგადოება. თუმცა, ეს საკითხი მათი გადასაწყვეტია. არ მგონია, მათი გაყოფა ან შეერთება, ქორწინება ან განქორწინება რაიმე სახის გავლენას მოახდენს არჩევნებზე. მიხეილ სააკაშვილმა იმის მოყოლა დაიწყო, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში რა უბედურებები დატრიალდა და თუ ამ პროცესებზე საუბარს 31 ოქტომბრამდე დაასრულებს, შემდეგ მოჰყვეს, საარჩევნო მიმართულებით რას აპირებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.