დონალდ ტრამპის გამოსვლის სრულ ვერსიას ეS პერსონა ქართულად აქვეყნებს

გამოცემა espersona.ge-მ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წინაშე დონალდ ტრამპის ყოველწლიური მოხსენება ქართულად თარგმნა და გაახმოვანა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა კონგრესის ქვედა პალატისადმი ქართულად სრულად ხელმისაწვდომია.

სიტყვით გამოსვლას წინ უძღოდა დემოკრატი კონგრესმენების მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცესი, რომლის ინიციატორიც კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი იყო. სწორედ ტრამპის და პელოსის დაპირისპირება გახდა სოციალური ქსელის განხილვის თემაც. თავდაპირველად ტრამპმა პელოსის ხელი არ ჩამოართვა, შემდეგ კი სპიკერმა პრეზიდნეტის სიტყვა დემონსტრაციულად დახია.

გთავაზობთ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის სრულ ვერსიას:

“დიდი მადლობა! გმადლობთ! დიდი მადლობა!.. ქალბატონო სპიკერო, ბატონო ვიცეპრეზიდენტო, კონგრესის წევრებო, აშშ-ის პირველო ლედი – და ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო!

სამი წლის წინ, ჩვენ დიდი ამერიკული აღორძინება წამოვიწყეთ. დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ იმისთვის, რომ ჩვენი წარმოუდგენელი მიღწევები გაგიზიაროთ: დასაქმების მხრივ ქვეყანა ყვავის, შემოსავლები იზრდება, სიღარიბე და დანაშაული მცირდება, თავდაჯერებულობა მყარდება და ჩვენი ქვეყანა კვლავ ყვავის და პატივსაცემია.

ამერიკის მტრები გარბიან. ამერიკა მოწოდების სიმაღლეზეა. ამერიკის მომავალი კი კაშკაშებს. ეკონომიკური ვარდნის წლები დასრულდა. ის დღეები, როცა სხვა ერები ჩვენს ქვეყანას, იყენებდნენ და შეურაცხყოფასაც კი აყენებდნენ მას, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ასევე დასრულდა შეუსრულებელი დაპირებების, სამუშაო ადგილების შეუქმნელობის, მზარდი ეკონომიკის, მოსაბეზრებელი ბანალურობებისა და ამერიკის ძალის, სიმდიდრისა და პრესტიჟის გაფლანგვისთვის, მუდმივი ბოდიშების ხდის ეპოქა.

სულ რაღაც სამ წელიწადში, ჩვენ დავამსხვრიეთ ამერიკის უკუსვლის სტერეოტიპი და უარვყავით ამერიკისთვის განკუთვნილი ჩამოფასებული ბედი… ჩვენ მთლიანად შევაჩერეთ უკუსვლა. ჩვენ მივდივართ წინ, იმ სიჩქარით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, წარმოუდგენელი იყო და არასდროს აღარ დავუბრუნდებით წარსულს. აღფრთოვანებით მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა, ასეთი ძლიერი ჯერ არასდროს ყოფილა!

ჩვენი სამხედრო ძალები სრულად აღდგენილია და ვერც ერთი სხვა ქვეყანა, ახლოსაც ვერ მოვა ჩვენს სიძლიერესთან! ჩვენი საზღვრები დაცულია! ჩვენი ოჯახები ვითარდებიან! ჩვენ ჩვენს ფასეულობებს ახლიდან ვქმნით! ჩვენი სიამაყე დავიბრუნეთ! და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მე ვეუბნები ჩვენი დიდებული ქვეყნის ხალხს და კონგრესის წევრებს: ჩვენი ქვეყანა ასეთი ძლიერი, ჯერ არასდროს ყოფილა!ეს ხედვა, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ აჩვენებს იმას, თუ როგორ ვაშენებთ მსოფლიოში ყველაზე აყვავებულ და ინკლუზიურ საზოგადოებას, სადაც ყველა მოქალაქეს, ამერიკის განუმეორებელ წარმატებაში წვლილის შეტანა და ყველა თემს, ამერიკის გასაოცარ აღმავლობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია. იმ წამიდანვე, როცა პრეზიდენტი გავხდი, აშშ-ის ეკონომიკის აღორძინებას შევუდექი, მოვსპე ყველა ის რეგულაცია, რომელიც უმუშევრობას უწყობდა ხელს, რეკორდული მაჩვენებლით შევამცირე გადასახადები და ვიბრძოლე სამართლიანი და ორივე მხარისთვის სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებების მიღწევისთვის.ჩვენი დღის წესრიგი ორიენტირებულია შრომაზე, ოჯახზე, წინსვლასა და რაც ყველაზე მთავარია – ამერიკაზე. გმადლობთ!

ჩვენ დაუღალავი ოპტიმიზმით მივდივართ წინ და ჩვენს ყველა მოქალაქეს, რასის, ფერისა თუ რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, ძალიან, ძალიან ვეხმარებით განვითარებაში. იმ დღიდან, რაც თქვენ მე ამერიკის პრეზიდენტად ამირჩიეთ, ჩვენ 7 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ხუთი მილიონით მეტი, ვიდრე წინა ადმინისტრაციამ.

დღეს, უმუშევრობის კოეფიციენტი, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დაბალია. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემი ადმინისტრაციის პერიოდში უმუშევრობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი, უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციის პერიოდში. და მართლაც, ჩვენ რომ წინა ხელისუფლების ჩავარდნილი ეკონომიკური პოლიტიკა არ გამოგვესწორებინა, დღეს სამყარო ამ დიდი ეკონომიკური წინსვლის მომსწრე ვერ იქნებოდა.

აფრო-ამერიკელთა, ლათინო-ამერიკელთა და აზიელ-ამერიკელთა უმუშევრობის კოეფიციენტმა, ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. აფრო-ამერიკელი ახალგაზრდების უმუშევრობის კოეფიციენტი დღეს ისტორიაში ყველაზე დაბალია. აფრო-ამერიკელთა სიღარიბის კოეფიციენტიც, ისტორიაში ყველაზე მცირე დღეს არის. ხოლო ქალების უმუშევრობის კოეფიციენტმა, ბოლო 70 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. და გასულ წელს, ახალი სამუშაო ადგილების 72% სწორედ ქალებმა დაიკავეს. ომის ვეტერანების უმუშევრობის კოეფიციენტმაც რეკორდულად იკლო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და საშუალო განათლების არ მქონე ამერიკელთა უმუშევრობის კოეფიციენტიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე დაბალია. ამერიკელი ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელი დღეს რეკორდულია. წინა ადმინისტრაციის დროს, კვების ტალონებით მოსარგებლეების რიცხვი ათი მილიონი ადამიანით გაიზარდა, ხოლო ჩემი ადმინისტრაციის პერიოდში კი, ამ ადამიანთა რაოდენობა, 7 მილიონით შემცირდა. 10 მილიონი ადამიანი სახელმწიფო დახმარებას აღარ საჭიროებს. ხოლო წინა ხელისუფლების რვა წლიანი მმართველობისას, სამასი ათასამდე “სამუშაო ასაკში” მყოფი ადამიანი, უმუშევარი დარჩა.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი, ჩემი ადმინისტრაციის მუშაობის სულ რაღაც სამ წელიწადში, 3.5 მილიონი ადამიანი, სამუშაო ასაკში მყოფი ადამიანი, დასაქმდა.

საშუალო შემოსავლის ზღვრის ქვემოთ მყოფ ამერიკელთა ხელფასი 47%-ით გაიზარდა. ეს ზრდა ყველაზე მაღალ 1%-ში შემავალ ადამიანთა ეკონომიკურ ზრდაზე, სამჯერ უფრო სწრაფია. გაყინული და კლებადი შემოსავლების ათწლეულების შემდეგ, მინიმალური ხელფასი უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. ყველაზე მშვენიერი კი ის არის, რომ დაბალი შემოსავლის მქონე მშრომელთათვის, ეს ზრდა ყველაზე საგრძნობია. ჩემი არჩევის დღიდან, სწორედ მათი ანაზღაურება გაიზარდა 16%-ით. ეს “ლურჯ საყელოიანთა” აყვავების ხანაა.

ოჯახის საშუალო შემოსავალი არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორც დღეს. ჩემი არჩევის შემდეგ, ამერიკის საფონდო ბირჟა 70%-ით გაიზარდა, რამაც ჩვენს ნაციონალურ სიმდიდრეს, 12 ტრილიონი დოლარი შემატა. ამან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ეს რეკორდია. ეს არის ის, რაზეც მსოფლიოს ყველა ქვეყანა ოცნებობს. სამყარო ჩვენით აღფრთოვანებულია. მომხმარებელთა თავდაჯერებულობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია.

მილიონობით ადამიანი, რომელსაც საპენსიო გეგმა გააჩნია ან სახელმწიფო პენსიას იღებს გაცილებით უკეთ ცხოვრობს დღეს, ვიდრე ოდესმე, რადგან მათი შემოსავალი, 60, 70, 80, 90, 100 და კიდევ მეტი პროცენტით გაიზარდა.

„შესაძლებლობის ზონების” დახმარებით, 9000 უბანში სამუშაო ადგილები ჩნდება და მეტი და მეტი ინვესტიცია იდება. ეს გეგმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ტიმ სკოტმა, გადასახადების შემცირების დიდებული რეფორმის ფარგლებში განახორციელა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მდიდარი ადამიანები და კომპანიები დებენ ფულს იმ დასახლებებში, სადაც ინვესტიცია ათწლეულების მანძილზე არ განხორციელებულა. ეს ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ენერგიას და ენთუზიაზმს. პირველად ხდება, რომ ამ დასახლებებმა ასეთი წინსვლა ნახეს, ყველაფერი მუშაობს.

„შესაძლებლობის ზონები” ეხმარება ისეთ ამერიკელებს, როგორიც არის არმიის ვეტერანი, ტონი რენკინსი, ცინცინატიდან, ოჰაიოდან. ის წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებული იყო, რის შედეგადაც ტონიმ თავისი სამსახური, სახლი და ოჯახი დაკარგა. ის უსახლკარო იყო, მაგრამ ერთ დღეს, ტონიმ მიმართა სამშენებლო კომპანიას, რომელიც ინვესტიციას „შესაძლებლობების ზონებში” დებდა. ახლა იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოვაჭრეა. მან დაამარცხა ნარკოდამოკიდებულება, დაუბრუნდა ოჯახს და ის, ამ საღამოს ჩვენთან ერთად არის. ტონი, გააგრძელე შენი დიდი საქმე. ტონი, მადლობა, ტონი.

ისტორიაში პირველად, ჩვენი მჩქეფარე ეკონომიკა ბევრ ყოფილ პატიმარს აძლევს შანსს დასაქმდნენ და ცხოვრება თავიდან დაიწყონ. ეს მეორე შანსი ახლა რეალობაა, რადგან ჩვენ სისხლის სამართლის რეფორმა კანონად ვაქციეთ. ყველა ამბობდა, რომ სისხლის სამართლის რეფორმის გატარება შეუძლებელი იყო, მაგრამ მე ეს შევძელი, და ადამიანებმა ვინც ახლა ამ ოთახში სხედან, მათ ეს შეძლეს.

მადლობას ვუხდი BOLD REGULATORY REDUCTION CAMPAIGN-ს. მათი დამსახურებით, ამერიკა, დღეს მსოფლიოში პირველი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი ქვეყანაა. იმ უზარმაზარი პროგრესის წყალობით, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, დღეს ამერიკა ენერგოდამოუკიდებელია და სამუშაო ადგილების რაოდენობა ენერგეტიკის სფეროში, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის არაერთ სხვა დარგში, რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. სამი წლის წინ, ასეთ ციფრებზე ვერავინ იოცნებებდა.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ ელოდა, ჩვენ, ჩვენს წარმოებას ვაღდგენთ. ბოლო ორი ადმინისტრაციის მმართველობისას, ამერიკაში, სამოცი ათასი ქარხანა დაიხურა. ჩემი ადმინისტრაციის მმართველობის პირობებში კი, ამერიკამ თორმეტი ათასი ახალი ქარხანა ააშენა და კიდევ ათასობით და ათასობით მეტის აშენებას გეგმავს. კომპანიები არ გვტოვებენ, ისინი ამერიკაში ბრუნდებიან. ცხადია, რომ ყველას იქ უნდა ყოფნა, სადაც განვითარდებიან. ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად ასეთი ადგილია.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირობა, რომელიც ამერიკელ ხალხს მივეცი, კატასტროფული სავაჭრო გარიგების, “ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების” (NAFTA), ჩანაცვლება იყო.უსამართლო ვაჭრობა ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც გადავწყვიტე პრეზიდენტი გავმხდარიყავი. “ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების” მიღებით, ჩვენმა ერმა, ყოველი მეოთხე სამუშაო ადგილი დაკარგა. ბევრი პოლიტიკოსი გვპირდებოდა ამ შეთანხმების ჩანაცვლებასა თუ შეცვლას, მაგრამ საქმე არ დაძრულა. თუმცა, ყველა ამ პოლიტიკოსისგან განსხვავებით, მე ჩემს დაპირებებს არ ვარღვევ.

ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ექვსი დღის წინ, მე ჩავანაცვლე “ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება” , ახალი, აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმებით. ახალი შეთანხმება, დაახლოებით 100 000 ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის. ჩვენს ფერმერებსა და ქარხნის მუშაკებს დაეხმარება და გაუზრდის წარმოებას. ამ შეთანხმების შედეგად, მექსიკასა და კანადასთანაც გაიზრდება ვაჭრობა. რაც მთავარია, იმატებს სამართლიანობის ხარისხიც.

ჩვენ გვექნება სამართლიანი შეთანხმება და როგორც იქნა, მე ამის თქმა შემიძლია იმ მრავალი წლის შემდეგ, როცა ჩვენ, ვაჭრობისას, უსამართლოდ გვექცეოდნენ. ამდენი წლის განმავლობაში, პირველად დაიდო ხელშეკრულება, რომელიც გააძლიერებს ამერიკის პროფ. კავშირებს. მე ასევე დავპირდი ჩვენს მოქალაქეებს, რომ დავუბრუნებ მათთვის განკუთვნილ სამუშაო ადგილებს, რომლებიც ჩინეთმა მასობრივად მოპარა.ჩვენმა სტრატეგიამ იმუშავა. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ახალ, უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას ჩინეთთან, რომელიც დაიცავს ჩვენს დასაქმებულებს, დაიცავს ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას, შემოიტანს მილიარდობით დოლარს ქვეყნის ხაზინაში და ახალი, ამერიკაში შექმნილი და გაზრდილი პროდუქტებისთვის, დიდი ბაზრების გახსნას შეუწყობს ხელს. ათწლეულების მანძილზე, ჩინეთი სარგებლობდა ამერიკით.

ახლა ჩვენ ეს შევცვალეთ და ამავდროულად მოვახერხეთ ის, რომ ჩინეთთან ისტორიის მანძილზე, ყველაზე კარგი ურთიერთობა გაქვს. ჩინელები აფასებენ იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მათ ხომ არასდროს სჯეროდათ, რომ იმისთვის რასაც წლების, ათწლეულების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში სჩადიოდნენ, არავინ გასცემდა პასუხს და ეტყოდა “გეყოთ”. ახლა ჩვენ ამერიკის თავიდან აშენება გვინდა და ეს ზუსტად ის არის, რასაც ვაკეთებთ.

ჩვენ ვაღორძინებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღვადგენთ ამერიკის, როგორც ლიდერის როლს მსოფლიოში და კვლავ ვიცავთ თავისუფლებას ჩვენს ნახევარსფეროში. სწორედ ამიტომ, ჩემი ადმინისტრაცია ასწორებს წინა ადმინისტრაციის ჩავარდნილ პოლიტიკას კუბასთან მიმართებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ კუბელებს, ნიკარაგუელებსა და ვენესუელელებს დემოკრატიის აღდგენაში.

ამერიკის შეერთებული შტატები წინ უძღვება ორმოცდაცხრამეტი ერისგან შემდგარ კოალიციას, რომელიც ვენესუელის სოციალისტ დიქტატორ ნიკოლას მადუროს ეწინააღმდეგება. მადურო არალეგიტიმური მმართველია, ტირანი, რომელიც აწამებს საკუთარ ხალხს. მაგრამ, ჩვენ გავანადგურებთ და დავამსხვრევთ მის ტირანიას. დღეს, აქ, ძალიან მამაცი ადამიანი იმყოფება, რომელიც ვენესუელელების იმედებს, ოცნებებსა და ლტოლვებს აცოცხლებს. ჩვენთან ერთად, ვენესუელის ჭეშმარიტი პრეზიდენტი იმყოფება – ხუან გუიდო. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ მიაწვდინოთ ეს შეტყობინება თქვენს ხალხს: ყველა ამერიკელი უერთდება ვენესუელელებს თავისუფლებისთვის ღირსეულ ბრძოლაში!

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ძალიან დიდი მადლობა.

სოციალიზმი ანადგურებს ერებს, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ – თავისუფლება აერთიანებს სულებს. ამერიკის თავისუფლების დაცვისთვის, ჩვენ რეკორდული თანხა, 2.2 ტრილიონი დოლარი, აშშ-ის ჯარს მოვახმარეთ. ჩვენ შევიძინეთ საუკეთესო თვითმფრინავები, რაკეტები, გემები და ჯარისთვის სხვა საჭირო აღჭურვილობა და ეს ყველაფერი აქ, ამერიკაშია წარმოებული. გარდა ამისა, საბოლოოდ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი მოკავშირეები თავის წილ გადასახადებს, სამართლიანად იხდიან. კონტრიბუცია, ნატოს სხვა წევრებისგან, დაახლოებით 400 მილიარდი დოლარი გახდა და იმ მოკავშირეთა რაოდენობა, რომლებიც ასრულებენ თავიანთი მოვალეობების მინიმუმს, გაორმაგდა.

მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ, პირველად, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ტრუმენმა, 70 წლის წინ, საჰაერო ძალები დააარსა, ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში – მას კოსმიური ძალები ჰქვია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს ამ დარბაზში, ახალგაზრდა ყმაწვილი იმყოფება. ის ცამეტი წლის არის, იან ლანფეი. მერვე კლასელია, არიზონიდან. იან, გთხოვ ადექი. იანი ყოველთვის ოცნებობდა კოსმოსში გაფრენაზე. ის იყო პირველი და ყველაზე პატარა თავის კლასში, საავიაციო აკადემიაში. ის საჰაერო ძალების აკადემიაში სწავლაზე ფიქრობს, რის შემდეგაც კოსმიური ძალებისკენ აიღებს გეზს. როგორც იანი ამბობს: “ადამიანების უმეტესობა ზევით იყურება, რათა კოსმოსი დაინახოს. მე კი კოსმოსიდან ქვემოთ მინდა შევხედო დედამიწას”. მაგრამ იანის უკან, გმირი ჩარლზ მაქგი ზის. ის კლივლენდში, ოჰაიოს შტატში, ერთი საუკუნის წინ დაიბადა. ჩარლზი ერთ-ერთი ბოლოა აფრო-ამერიკელ პილოტებს შორის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ და აღმოჩნდა, რომ ის იანის დიდი ბაბუაა. მეორე მსოფლიო ომში, 130 ბრძოლის გამოვლის შემდეგ ის სახლში დაბრუნდა – ქვეყანაში, რომელიც კიდევ იბრძოდა ადამიანის უფლებებისთვის. ჩარლზმა კვლავ გადაწყვიტა ემსახურა ამერიკისთვის და კორეისა და ვიეტნამის ომებში იბრძოლა.

შვიდ დეკემბერს, ჩარლზი თავის მეასე დაბადების დღეს გდაიხდის. რამდენიმე კვირის წინ მე მოვაწერე ხელი საბუთს, რომელიც ჩარლზ მაქგის ბრიგადის გენერლად აწინაურებს. და დღეს დილით, ოვალურ კაბინეტში, მის მხრებს ვარსკვლავები მივამაგრე. გენერალო მაქგი, ჩვენი ერი გეგებებათ თქვენ. გმადლობთ სერ!

პილიგრიმებიდან დამაარსებლებამდე, ველი ფორდის ჯარისკაცებიდან, სელმის მარშზე გამოსულ სპორტსმენებამდე, პრეზიდენტ ლინკოლნიდან, მარტინ ლუთერ კინგამდე, ამერიკელები ყოველთვის, საკუთარი შვილების მომავლის შეზღუდვის ყველანაირ მცდელობას ეწინააღმდეგებოდნენ.კონგრესის წევრებო, ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ის გამარჯვებებია მნიშვნელოვანი ვაშინგტონისთვის, რომლებსაც ამერიკელი ხალხისთვის მოაქვთ გამარჯება. ამერიკელი ხალხი ამ ქვეყნის გულია, მათი ოცნებები – ამ ქვეყნის სული და მათი სიყვარული არის ის ძალა, რომელიც ამ ქვეყანას აძლიერებს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმეა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამერიკა უპირველესი იყოს.

შემდეგი ნაბიჯი ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისას არის თითოეული ახალგაზრდა ამერიკელისთვის კარგი განათლების მიცემა და იმ შესაძლებლობების შექმნა, რომელთა დახმარებითაც ჩვენი ახალგაზრდობა ამერიკულ ოცნებას მიაღწევს. სამწუხაროდ, ზედმეტად დიდი დროის განმავლობაში, ბევრი ამერიკელი ბავშვი, ჩავარდნილი საჯარო სკოლების ხაფანგში იმყოფებოდა. ამ მოსწავლეების გადარჩენისთვის, თვრამეტ შტატში სკოლების არჩევის ახალი ფორმა შემუშავდა, რომელიც ბავშვებს სტიპენდიას სთავაზობს. პროგრამები იმდენად პოპულარულია, რომ ათასობით სტუდენტი მომლოდინეთა სიაში რჩება. ერთ-ერთი ასეთი სტუდენტი, ჯენაია დეივისია, მეოთხე კლასელი, ფილადელფიიდან. ჯენაია. ჯენაიას დედა, სტეფანი, მარტოხელა მშობელია. ის ყველაფრისთვის მზადაა, რომ თავის შვილს უკეთესი მომავალი მისცეს. მაგრამ შარშან, ეს ოცნება უფრო მიუწვდომელი გახდა, რადგან პენსილვანიის გუბერნატორმა უარყო კანონი, რომელიც 50 000 ბავშვს სკოლის არჩევის საშუალებას აძლევდა.

ჯენაია და სტეფანი დარბაზში სხედან. სტეფანი, დიდი მადლობა, რომ შენ და შენი მშვენიერი ქალიშვილი დღეს აქ ხართ. ძალიან დიდი მადლობა. ჯენაია, შენთვის კარგი ამბავი მაქვს. მინდა გითხრა, რომ შენი მოლოდინი დასრულდა. მინდა სიამაყით გამოვაცხადო, რომ შენ სტიპენდია გადმოგეცემა და მალე იმ სკოლაში წახვალ, რომელსაც აირჩევ.

ახლა მინდა კონგრესს მოვუწოდო, რომ მსგავსი შესაძლებლობა კიდევ ერთ მილიონ ამერიკელ ბავშვს მიეცეს. გადაეცით ,,თავისუფალი განათლების სტიპენდია” და ,,შასაძლებლობების აქტი”, იმიტომ, რომ არც ერთი მშობელი არ უნდა იყოს იძულებული თავისი შვილი ჩავარდნილ საჯარო სკოლაში გააგზავნოს. ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო და დაცული გარემო, რომელშიც შეძლებს განათლების მიღებასა და განვითარებას.

ამ მიზეზით, ჩვენმა არაჩვეულებრივმა პირველმა ლედიმ ახალი ინიციატივა, ,,ბი ბესთ” (BE BEST) წამოიწყო, რათა განავითაროს უსაფრთხო, ჯანსაღი და ნარკოტიკისგან თავისუფალი ცხოვრება მომავალი თაობებისთვის – ჩვენს სკოლებში და თემებში. გმადლობ მელანია შენი განსაკუთრებული სიყვარულისთვისა და ძლიერი ზრუნვისთვის ამერიკელ ბავშვებზე. ძალიან დიდი მადლობა.

ჩემი ადმინისტრაციის მიზანია მისცეს ჩვენს ყველა მოქალაქეს, ასაკისა და წარმომავლობის მიუხედავად შესაძლებლობა, რომელიც მათ სჭირდებათ. ჩვენი ინიციატივა, ,,დაპირება ამერიკელ მშრომელებს” (Pledge to American Workers), უკვე ოთხას კომპანიაში ამოქმედდა. ეს კომპანიები 15 მილიონ ამერიკელს დასაქმების და განათლების მიღების საშუალებას მისცემენ. ჩემი ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს ჩვენი უმაღლესი სკოლების განვითარებას.

დღეს, მე ვთხოვ კონგრესს, რომ გვერდში დაუდგნენ ჩვენს სტუდენტებს და მხარი დაუჭიროს ჩემს გეგმას, რომ ამერიკის ყველა უმაღლესმა სკოლამ, მოსწავლეებს, ტექნიკური და პროფესიული განათლება შესთავაზონ. თანასწორი შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით, სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩვენ მივაღწიეთ შავკანიანთა ისტორიული კოლეჯებისთვისა და უნივერსიტეტებისთვის მუდმივ დაფინანსებას.იმისთვის, რომ ამერიკელი ოჯახები კარგად ცხოვრობდნენ, საჭიროა მსოფლიოში ყველაზე ხელმისაწვდომი, ინოვაციური და მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა. მანამ, სანამ მე მოვიდოდი ხელისუფლებაში, ჯანმრთელობის სადაზღვეო პაკეტი, სულ რაღაც ხუთ წელიწადში გაორმაგდა. მე ვეცადე რაც შეიძლებოდა სწრაფად შემექმნა ხელმისაწვდომი ალტერნატივები. ჩვენი ახალი პროგრამები, თითქმის 60%-ით უფრო იაფი და ხარისხიანია.

მე ასევე დავპირდი ამერიკელ ოჯახებს, რომ ჩემი ადმინისტრაცია, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს ყოველთვის დაიცავს. და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სამედიცინო დაზღვევის ეროვნულ პროგრამა ,,მედიქეარს” და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ თქვენს სოციალურ უსაფრთხოებას. ყოველთვის. ამერიკელი პაციენტი არასდროს გახდება სამედიცინო გადასახადების მსხვერპლი. სწორედ ამიტომ, მე მოვაწერე ხელი აღმასრულებელ ბრძანებას ფასების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ბევრი ექსპერტის აზრით, ფასების გამჭვირვალობა, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში, სრული ძალით ამოქმედდება, საჯარო რეფორმაზე ბევრად ძლიერი იქნება. ჩვენი მოქალაქეები, დაბალ ფასად, გაცილებით უკეთესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ. მაგრამ, ამავდროულად სანამ, ჩვენ ამერიკის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ, არიან ადამინები რომლებსაც უნდათ თქვენი დაზღვევისა და თქვენი ექიმების წართმევა და კერძო დაზღვევის სრულიად გაუქმება.

132-მა კანონმდებელმა, რომელიც ამ დარბაზში იმყოფება, მხარი დაუჭირა კანონს, რომლიც ჩვენს ჯანდაცვის სისტემას მეტად სოციალურს გახდის და გაანადგურებს კერძო სამედიცინო დაზღვევას, რომლითაც 180 მილიონი, ძალიან ბედნიერი ამერიკელი სარგებლობს. მათ, ვინც ახლა გვიყურებს, მინდა იცოდეთ, რომ არასდროს მივცემთ სოციალიზმს უფლებას გაანადგუროს ამერიკული ჯანდაცვა.130 კანონმდებელზე მეტმა, ვინც ამ დარბაზში იმყოფება, მხარი დაუჭირა კანონს რომელიც ჩვენს ერს გააკოტრებს. მათ სურთ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე აწყობილი ჯანდაცვის სისტემა, არალეგალებს უფასოდ მისცენ. კანონი, გადასახადების გადამხდელებს, ყველა იმ ადამიანის სუბსიდირებას ავალდებულებს, ვინც უკანონოდ კვეთს ჩვენს საზღვარს. ეს შემოთავაზება, ჩვენი პენსიონერებისთვის საზარალო იქნება, არალეგალებისთვის, კი ამერიკა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.ზუსტად ეს ხდება კალიფორნიასა და სხვა შტატებში. მათი სისტემები სრულიად უკონტროლო გახდა, რის შედეგადაც, გადასახადების გადამხდელებს საოცრად ბევრი ფულის დახარჯვა უწევთ. თუ მოგწონთ იდეა, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელები იძულებულები იყვნენ არალეგალებს უფასო ჯანდაცვა გადაუხადონ, დაუჭირეთ მხარი რადიკალ მემარცხენეებს. მაგრამ, თუ გჯერათ, რომ ამერიკელი პაციენტები და პენსიონერები უნდა დავიცვათ, დამიდექით მე, რათა ავკრძალოთ უფასო საჯარო ჯანდაცვა არალეგალებისთვის. ეს ძალიან ხელსაყრელი იქნება ჩვენი, უკვე ძლიერად დაცული სამხრეთ საზღვრისთვის, სადაც გრძელ, მაღალ და ძალიან ძლიერ კედელს ვაშენებთ. ამ დროისთვის, უკვე ას მილზე მეტია აშენებული და ძალიან მალე, კიდევ 500 მილის მშენებლობა დასრულდება. მომავალი წლის დასაწყისისთვის, ჩვენ 500 მილზე გაცილებით მეტის მშენებლობა გვექნება დასრულებული.

ჩემი ადმინისტრაცია დიდ ფარმაცევტულ კომპანიებს უპირისპირდება. ჩვენ მივიღეთ რეკორდული რაოდენობის ხელმისაწვდომი ჯენერიკი, ხოლო საკვებისა და წამლების ფედერალური სააგენტო, მედიკამენტებს ასე სწრაფად ლიცენზიას არასდროს აძლევდა. და მე ვარ მოხარული მოგახსენოთ, რომ პირველად ბოლო 51 წლის მანძილზე, რეცეპტით გაცემული წამლების ფასმა იკლო. და ერთად მუშაობის შედეგად, კონგრესს შეეძლება წამლების ახლანდელი ფასი საგრძნობლად დაწიოს. მე უკვე ველაპარაკე აიოველ სენატორ ჩაკ გრესლისა და სხვა კონგრესის წევრებს იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება, რომ წამლების საფასურმა მოკლე დროში იკლოს. მოგიწოდებთ ყველას, მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს, რომლის შედეგადაც რეცეპტით გაცემული წამლების ფასი, საგრძნობლად დაიწევს. შეგიძლიათ ახლავე მომიტანოთ დოკუმენტი და მზად ვარ მოვაწერო ხელი.

დაუღალავი თავდადებით ჩვენ ვებრძვით ოპიოიდურ ეპიდემიას. პირველად, თითქმის 30 წლის მანძილზე, ნარკოტიკის ზედოზირებისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო: შტატ ოჰაიოში 22%-ით, პენსილვანიაში 18%-ისთ, ვისკონსინში, 10%-ით! ჩვენ არ შევჩერდებით, სანამ ოპიოიდურ ეპიდემიას ერთხელ და სამუდამოდ არ დავამარცხებთ.

ამერიკელთა ჯანმრთელობის დაცვა, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლასაც მოიაზრებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩინეთის მთავრობასთან და ერთად ვმუშაობთ კორონავირუსის თემაზე. ჩემი ადმინისტრაცია, ჩვენი მოქალაქეების დაცვისთვის საჭირო ყველა ნაბიჯს გადადგამს. ჩვენ ასევე წამოვიწყეთ ახალი, ამბიციური ინიციატივები, რათა უკეთ ვიზრუნოთ იმ ამერიკელებზე, რომელთაც ღვიძლის დაავადებები, ალცჰაიმერი ან ფსიქიური დაავადებები აწუხებთ.

მადლობა კონგრესს, რომელმაც ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შედეგადაც ბავშვების ონკოლოგიის განკურვნის ახალი მეთოდები შემუშავდა. რაც შეეხება შიდსს, ამ ათწლეულის დასასრულს ის ამერიკაში აღარ იარსებებს. თითქმის ყველა ამერიკელმა იცის, თუ როგორია ის ტკივილი, როცა შენს ახლობელს, მძიმე დაავადების დიაგნოზს უსვამენ. დღეს, აქ იმყოფება განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც მილიონობით ადამიანს უყვარს. მას სულ ცოტა ხნის წინ მეოთხე სტადიის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

ეს კარგი ამბავი არ არის. თუმცა კარგია, რომ ის შეუდარებელი მებრძოლი და გამარჯვებულია. რაშ ლიმბაუ, დიდი მადლობა იმისთვის რომ ათწლეულების მანძილზე დაუღალავად უძღვნით თქვენს თავს ჩვენს ქვეყანას. და რაშ, იმის ხაზგასასმელად რაც თქვენ ჩვენი ერისთვის გაქვთ გაკეთებული, იმ მილიონობით ადამიანთან საუბრისთვის რომელსაც შთაგონებას აძლევთ, და თქვენი დიდსულოვანი ქველმოქმედებისთვის, მე ვარ ამაყი გამოვაცხადო, რომ დღეს თქვენ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე საპატიო ჯილდოს, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალს მიიღებთ.

ახლა, მე ვთხოვ ამერიკის პირველ ლედის გადმოგცეთ ეს ჯილდო. გთხოვთ. რაშ და კეტრინ, გილოცავთ. დიდი მადლობა კეტრინ. და სანამ ჩვენ ვლოცულობთ ყველა დაავადებულისთვის, ჩვენ ვიცით, რომ სამედიცინო სფეროში ამერიკა მუდმივად ახალ აღმოჩენებს აკეთებს.

2017 წელს, კანზას სიტიში, სენტ ლუკის საავადმყოფოში, ექიმები, ერთ-ერთ ყველაზე ნაადრევად გაჩენილ ბავშვს დაეხმარნენ დაბადებაში. ელი შნეიდერი, რომელიც სულ 21 კვირისა და 6 დღის გაჩნდა და ერთ ფუტზე ნაკლებს იწონიდა, თავიდანვე მებრძოლი იყო. მისი ექიმების უნარებისა და მშობლების ლოცვის წყალობით, ელიმ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა. დღეს ელი ძლიერი, ჯანმრთელი ორი წლის გოგონაა, რომელიც თავის არაჩვეულებრივ დედასთან, რობინთან ერთად ამ დარბაზში იმყოფება. ელი და რობინ, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თქვენ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ელი გვახსენებს, რომ ყველა ბავშვი ცხოვრების სასწაულია. და თანამედროვე მედიცინის წყალობით, იმ საავადმყოფოში სადაც ელი დაიბადა, ექიმები არჩენენ 50%-ზე მეტ, ელისავით ნაადრევად გაჩენილ ბავშვს. ეს დაუჯერებელია! ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ ყველა ბავშვს, როგორც ელის, მიეცეს შანსი გადარჩეს და გაიზარდოს. სწორედ ამიტომ, მე ვთხოვ კონგრესს, რომ 50 მილიონი დოლარით გაზარდონ დაფინანსება ჩვენი ქვეყნის ყველაზე პატარა პატიენტების ნეონატალური კვლევებისთვის. სწორედ ამიტომ, კონგრესის წევრებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ კანონს, რომელიც საბოლოოდ აკრძალავს გვიან აბორტს.

იქნება ეს რესპუბლიკელი, დემოკრატი, თუ დამოუკიდებელი წევრი, ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ღმერთის საჩუქარია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს ამერიკელ დედებსა და მამებს, მე ამაყი ვარ მოგახსენოთ, რომ ცოტა ხნის წინ მოვაწერე ხელი კანონს, რომელიც ახალბედა მშობლებს დეკრეტის გახანგრძლივების საშუალებას აძლევს.

ახლა კი, მე მოვუწოდებ კონგრესს, რომ ამ კანონს დაუჭირონ მხარი და მთელი ქვეყნის მასშტაბით აამოქმედონ. ჩვენი საბავშვო საგადასახადო კრედიტის წყალობით, ორმოცი მილიონი ამერიკელი ოჯახის შემოსავალს, საშუალოდ 2,200 დოლარი ემატება. ასევე დამავიწყდა აღმენიშნა ისტორიული ზრდა, ბავშვთა ზრუნვის დაფინანსებაში, რომელიც ჩვიდმეტ შტატს აძლევს საშუალებას მეტ ბავშვს დაეხმაროს. ამ შტატებიდან რამდენიმეში, მომლოდინეთა სიები შემცირდა ან საერთოდაც აღარ არსებობს. და მე გავუგზავნე კონგრესს გეგმა, რომელიც წარმოადგენს ხედვას, ბავშვთა ზრუნვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. გთხოვთ სასწრაფოდ იმოქმედოთ. გარემოს დასაცავად, რამდენიმე დღის წინ მე გამოვაცხადე, რომ ამერიკა “ერთი მილიარდი ხის ინიციატივას” შეუერთდება. ეს ამბიციური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობისა და კერძო სექტორის ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანებას: დაირგას ხეები ამერიკასა და მთელს მსოფლიოში.

ჩვენ ამერიკის ინფრასტრუქტურაც უნდა აღვადგინოთ. მე გთხოვთ მხარი დაუჭიროთ სენატორ ჯონ ბარასოს გზატკეცილის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ინვესტიციები, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ახალი გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში უნდა ჩაიდოს. ასევე, მინდა უზრუნველვყო ყოველი მოქალაქის წვდომა სწრაფ ინტერნეტთან, განსაკუთრებით ამერიკის რურალურ ნაწილებში.

იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ყველა ამერიკელისთვის უკეთესი იყოს, ჩვენ ვალდებულები ვართ უზრუნველვყოთ ამერიკის უსაფრთხოება. ანუ, გვერდში დავუდგეთ ნებისმიერი რანგის სამართალდამცავ კაცსა თუ ქალს. მათ შორის, ჩვენი ერის გმირებს, საემიგრაციო და საბაჟო პოლიციის ოფიცრებს. მხოლოდ შარშან, ჩვენმა მამაცმა ოფიცრებმა 120 000ზე მეტი უცხოელი კრიმინალი დააკავეს, საიდანაც დაახლოებით 10 000-ს ქურდობისთვის,5 000-ს სექსუალური სახის დანაშაულისთვის, 45 000-ს ძალადობრივი სახის დანაშაულისთვის და 2000-ს მკვლელობისთვის მიესაჯათ სასჯელი.

სამწუხაროდ, ამერიკაში ბევრი ქალაქია, სადაც რადიკალმა პოლიტიკოსებმა ამ კრიმინალებს თავშესაფარი მისცეს. ამ ქალაქებში, ადგილობრივი მმართველები აიძულებენ პოლიციელებს საშიში, უცხოელი კრიმინალების გამოშვებას, იმის მაგივრად, რომ საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციას მიმართონ და საზოგადოება ამ ადამიანებისგან დაიცვან. სულ რაღაც 29 დღის წინ, არალეგალ კრიმინალს, რომელიც ნიუ იორკის თავშესაფრიდან გამოუშვეს, ბრალი 92 წლის ქალის ბრუტალურ გაუპატიურებასა და მკვლელობაში წარუდგინეს. მანამდე, მკვლელი თავდასხმისთვის იქნა დაკავებული, მაგრამ ნიუ იორკის თავშესაფრების პოლიტიკიდან გამომდინარე, ის გაუშვეს. მსხვერპლი ახლაც ცოცხალი იქნებოდა, თუ კრიმინალს საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციას, მოთხოვნის მიხედვით გადასცემდნენ. კალიფორნიის შტატი მხარს უჭერს შემაძრწუნებელ კანონს, რომლის მიხედვითაც მთელი შტატი არალეგალი კრიმინალების თავშესაფარი გახდება – საშინელი თავშესაფარი – კატასტროფული შედეგებით.

აი ერთი ტრაგიკული მაგალითი: 2018 წლის დეკემბერში, კალიფორნიის პოლიციამ, არალეგალი დააკავა, რომელიც მანამდე ხუთჯერ ეჭვმიტანილი იყო ქურდობასა და თავდასხმაში. მაგრამ, კალიფორნიის თავშესაფრის კანონის მოთხოვნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის გაათავისუფლა. რამდენიმე დღეში, არალეგალმა კრიმინალმა, სასტიკი ძალადობა ჩაიდინა.

მან ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა კაცს, რომელიც სამსახურში მიდიოდა. ესროლა მანქანაში მჯდომ ქალს, გულმკერდისა და ხელის არეში. შემდეგ მაღაზიაში შევიდა და ცეცხლი გახსნა. შემდეგ სატვირთო მანქანა მოიპარა, რითიც სხვა მანქანებს შეეჯახა და უდანაშაულო ადამიანს ზიანი მიაყენა. ერთ-ერთი მსხვერპლი – ეს სასტიკი, სასტიკი სიტუაციაა; გარდაიცვალა – 51 წლის ამერიკელი სახელად როკი ჯოუნსი. როკი ბენზინგასამართ სადგურზე იყო, როცა კრიმინალმა მას რვა ტყვია, ახლო დისტანციიდან ესროლა და ცივსისხლიანად მოკლა. როკის ოჯახის ერთგული წევრები დარჩნენ, მათ შორის მისი ძმა, რომელსაც როკი მსოფლიოში ყველაზე მეტად უყვარდა. დღეს, როკის ძმა ჩვენთან ერთად, ამ დარბაზში იმყოფება. ჯოდი, გთხოვ წამოდგე.

ჯოდი გმადლობ. ჯოდი, ჩვენ ყველა ვიზიარებთ შენს ტკივილს და ჩვენ არ მოვისვენებთ სანამ სამართლიანობა არ დაისადგურებს.

სენატორ ტომ ტილისმა წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ისეთ ამერიკელებს, როგორც არის ჯოდი ექნებათ უფლება უჩივლონ თავშესაფრების ქალაქებს და შტატებს, სადაც ამ სასტიკი პრაქტიკის შედეგად საყვარელი ადამიანები შავდებიან ან კვდებიან. მე ვთხოვ კონგრესს, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს სახელად: “სამართლიანობა თავშესაფართა ქალაქების მსხვერპლებს”, გთხოვთ დაუყონებლივ იმოქმედოთ.

ამერიკამ უნდა შეიფაროს კანონმორჩილი ამერიკელები და არა არალეგალი კრიმინალები. ამ სამი წლის მანძილზე, საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციამ 5000-მდე ბოროტი ადამიანების გამტაცებელი დააკავა. და მე მოვაწერე ხელი ცხრა კანონპროეტს, რომელიც ადამიანების გატაცებასთან დაკავშირებული საფრთხის აღმოფხვრას გულისხმობს, როგორც ამერიკაში, ასევე მთელს მსოფლიოში.

ჩემმა ადმინისტრაციამ, სამხრეთ საზღვრის დაცვაში უზარმაზარი ძალისხმევა ჩადო. სანამ მე პრეზიდენტი გავხდებოდი, ადამიანს, დაკავებულს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის, მარტივად ათავისუფლებდნენ და საკუთარ სამშობლოში უშვებდნენ, იმ იმედით, რომ ის აღარასდროს დაბრუნდებოდა. ჩემმა ადმინისტრაციამ ამ დაჭერა-გაშვებას წერტილი დაუსვა. თუ ახლა ვინმე გადმოკვეთს საზღვარს უკანონოდ, მას საკუთარი სამშობლოდანაც გააძევებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მექსიკის, ჰონდურასის, ელ სალვადორისა და გუატემალას მთავრობასთან კოოპერაციის შეთანხმება დავდეთ. ამის შედეგად, არალეგალური საზღვრის გადმოკვეთამ, მაისიდან დღემდე 75% პროცენტით იკლო და ეს კლება, რვავე თვის მანძილზე, შეუჩერებლად გრძელდებოდა.და, რაც უფრო იზრდება ჩვენი კედელი, მით უფრო მცირდება საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შემთხვევები. შარშან, მე ტეხასის საზღვარს ვეწვიე და მთავარ საპატრულო აგენტ, რაულ ორტისს შევხვდი. ბოლო წლის მანძილზე, აგენტმა ორტისმა და თავისმა გუნდმა 200 000 ფუნტამდე შხამიანი ნარკოტიკი გაანადგურა, 3000-მდე კონტრაბანდისტი დააკავა და 2000-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა.

რამდენიმე დღის წინ, აგენტი ორტიზი დააწინაურეს. ის ახლა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა და დღეს, ის ჩვენთან ერთად არის. ჩვენი ერი გიხდით მადლობას თქვენ, სასაზღვრო პატრულისა და საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის გმირებო. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ.

ამ ისტორიულ მიღწევებზე დაყრდნობით, ჩვენ ვმუშაობთ ახალ კანონპროექტზე, რომელიც ჩვენს მოძველებულ და არეულ საიმიგრაციო სისტემას ჩაანაცვლებს. ახალი სისტემა დაეფუძნება ხარისხს, კეთილგანწყობით მიიღებს მათ ვინც ემორჩილება კანონს, შეაქვს წვლილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, საკუთარ თავს ფინანსურად უზრუნველყოფს და ჩვენს ფასეულობებს იზიარებს.

ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმისას, ჩემი ადმინისტრაცია აღდგენს კანონის უზენაესობას და ამაგრებს ამერიკული თავისუფლების კულტურას. ამჟამად, ჩვენ სენატის უმრავლესობის ლიდერთან, მიტჩ მაქკონელთან ვთანამშრომლობთ, გმადლობ მიტჩ. მასთან და მის კოლეგებთან ერთად, ჩვენ დავამტკიცეთ ფედერალური მოსამართლეების რეკორდული რაოდენობა, 187 მოსამართლე, რომლებიც ჩვენს კონსტიტუციას გააძლიერებენ და გაამყარებენ.

ამ ადამიანთა სიაში, უზენაესი სასამართლოს ორი ახალი ბრწყინვალე წევრი, ნილ გორსუჩი და ბრეტ კავანა არიან. გმადლობთ. ჩვენ ერთად, ბევრ ახალ კანონპროექტს ვამზადებთ, ჩემი ადმინისტრაცია იცავს რელიგიურ თავისუფლებას, რაც მოიცავს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას, რომ საჯარო სკოლებში ილოცონ. ამერიკაში ლოცვა არ ისჯება. ჩვენ არ ვხევთ ჯვრებს, ჩვენ არ ვკრძალავთ რელიგიურ სიმბოლოებს, ჩვენ არ ვაჩუმებთ მოძღვრებს. ამერიკაში რწმენა ზეიმია, ჩვენ ვადიდებთ რელიგიას, ლოცვაში ვმაღლდებით და ვუმზერთ ღმერთის დიდებას. და ზუსტად ისევე, როგორც პირველი შესწორების გვჯერა, გვჯერა ყველა დანარჩენი საკონსტიტუციო უფლების, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უზენაესია.

მაშ ასე, სანამ მე ამერიკის პრეზიდენტი ვარ, მე ყოველთვის დავიცავ მეორე შესწორებას, ჩვენს უფლებას ვიქონიოთ და ვატაროთ იარაღი. ჩვენ, როგორც თავისუფალ ერს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ლიდერი სახელწიფო ვართ.

ახლა დროა ეს ლიდერობა კიდევ უფრო წინ წავწიოთ, ვარსკვლავებისკენ. ვთხოვ კონგრესს, რომ მთლიანად დააფინანსოს არტემიდას პროგრამა და უზრუნველყოს, რომ შემდეგი მამაკაცი და პირველი ქალი, რომელებიც მთვარეზე დაადგამენ ფეხს ამერიკელი ასტრონავტები იყვნენ. დავიწყოთ ამით მაგრამ, ამასთანავე ვუზრუნველყოთ, რომ პირველი ერი, რომელიც მთვარეზე აღმართავს დროშას, ამერიკელი იქნება.

ამას გარდა, ჩემი ადმინისტრაცია ძლიერად იცავს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს ებრძვის. წინა კვირაში, მე, ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დასამყარებელად დიადი გეგმა გავაჟღერე. ყველასთვის ცხადია, რომ წინა მცდელობები ჩაიშალა ამიტომ, რეგიონის სტაბილიზაციისთვის დროა უფრო კრეატიულები ვიყოთ და მივცეთ მილიონობით ახალგაზრდას შანსი, უკეთესი მომავლის რეალიზებისთვის.

სამი წლის წინ, ისლამური სახელწიფოს ბარბაროსებს, ერაყისა და სირიის ტერიტორიების დაახლოებით 20 000 კვადრატული კილომეტრი ეჭირათ. დღეს, ისლამური სახელწიფოს მეფობა ამ ტერიტორიაზე, სრულიად განადგურებულია და ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, სისხლის მსმელი მკვლელი ალ-ბაღდადი მკვდარია.

დღეს, ჩვენთან ერთად კარლი და მარშა მიულერები არიან.

კოლეჯის დასრულების შემდეგ, მათი მშვენიერი ქალიშვილი კაილა ჰუმანიტარული დახმარების მუშაკი გახდა. ერთხელ მან დაწერა: “ზოგი ადამიანი ღმერთს ეკლესიაში პოულობს. ზოგი ადამიანი ღმერთს ბუნებაში პოულობს. ზოგი ადამიანი ღმერთს სიყვარულში პოულობს. მე ვპოულობ ღმერთს ტანჯვაში. უკვე ვიცი რაც არის ჩემი ცხოვრების საქმე, გამოვიყენო ჩემი ხელები, როგორც ინსტრუმენტები სხვების ტანჯვის შემამსუბუქებლად”.

2013 წელს, როცა კაილა სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაზე ზრუნავდა, ისლამური სახელწიფოს წევრებმა ის გაიტაცეს, აწამეს და ალ-ბაღდადის პირად მონად აქციეს.

ტყვეობაში გატარებული, სასტიკი 500 დღის შემდეგ, ალ-ბაღდადიმ ახალგაზრდა, ლამაზი კაილა მოკლა. ის მხოლოდ 26 წლის იყო. იმ ღამეს, როცა ამერიკის სპეც. დანიშნულების რაზმმა ალ-ბაღდადის საცოდავ ცხოვრებას წერტილი დაუსვა, ა.შ.შ.-ს არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ, სატელეფონო ზარი მიიღო. მას უთხრეს, რომ სპეც. დანიშნულების ელიტარულმა რაზმმა , რომელმაც ოპერაცია უშეცდომოდ შეასრულა, მისიას ,,სამუშაო ჯგუფი 8-14” დაარქვა. 14 აგვისტო, კაილას დაბადების დღეა. კარლ და მარშამ ამერიკელი მეომრები არასდროს დაივიწყებენ კაიალას – და ჩვენც მას არასდროს დავივიწყებთ. დიდი მადლობა.

ყოველ დღე, ამერიკელი კაცი და ქალი სამხედროები, განასახიერებენ სიყვარულის უსასრულო სიღრმეს, რომელიც ადამიანის გულში ბინადრობს. ერთ-ერთი ასეთი ამერიკელი გმირი, არმიის შტაბის სერჟანტი, კრისტოფერ ჰეიკია. 2008 წელს, როცა ის ერაყში მსახურობდა, მან თავის ერთი წლის ვაჟს, გეიჯს, წერილი გაუგზავნა: “მე კვლავ ვიქნები შენთან. გასწავლი, როგორ ატარო ველოსიპედი, ააშენო პირველი ქვიშის სასახლე… ვნახავ როგორ ითამაშებ და შენს შვილებსაც ვნახავ. მიყვარხარ შვილო. მიხედე დედას. მე ყოველთვის შენთან ვარ. მამა”. აღდგომას, ბაღდადის პატრულირების დროს, ბომბი აფეთქდა, რასაც კრისის სიცოცხლე შეეწირა.

იმ ღამეს, მან ჩვენი ქვეყნისთვის მსხვერპლი გაიღო. სერჟანტი ჰეიკი ახლა უსასრულო დიდებით, არლინგტონშია დაკრძალული. და მისი ცოლი კელი და 13 წლის ვაჟი, აქ, ჩვენთან ერთად არიან. კელი და გეიჯ, კრისი თქვენს გულებში უსასრულოდ იცოცხლებს. ახლა ის თქვენ, ზემოდან დაგყურებთ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ორივეს, ძალიან დიდი მადლობა.

ის ტერორისტი, რომელიც სერჟანტ ჰეიკის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი ქასემ სოლეიმანია, რომლის ჩამარხულმა მინამაც, კრისის სიცოცხლე იმსხვერპლა. სოლეიმანი ირანული რეჟიმის ყველზე სისხლისმსმელი ყასაბი იყო, მონსტრი, რომელმაც ერაყში, ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა და დაჭრა.

როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ტერორისტი, სოლეიმანი პასუხისმგებელია უამრავი კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილზე. იგი ხელმძღვანელობდა ,,დეკემბრის თავდასხმებს” და ერაყში, ამერიკის სამხედრო ძალებსაც ესხმოდა თავს. სოლეიმანი, აქტიურად გეგმავდა ახალ შეტევას, როცა ჩვენ ძალიან ძლიერად დავარტყით. სწორედ ამიტომ, წინა თვეში, ამერიკის სამხედროებმა, შეუცდომელი სიზუსტით განახორციელეს დარტყმა, მოკლეს სოლეიმანი და მისი ბოროტი და საშიში მეფობაც, სამუდამოდ დასრულდა.

ჩვენი გზავნილი ტერორისტებისთვის მკაფიო და ცხადია: თქვენ ვერასდროს გაექცევით ამერიკულ მართლმსაჯულებას. თუ ჩვენს მოქალაქეებს დაესხმებით თავს, საკუთარ სიცოცხლეს დაემშვიდობებით. ბოლო თვეებია, ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ როგორ აღუდგნენ ამაყი ირანელები, თავის რეპრესიულ მთავრობას. ირანული რეჟიმი, ბირთვული იარაღის მოსაპოვებლად მუშობას უნდა შეეშვას; მორჩეს შიშის, სიკვდილის და დესტრუქციის გავრცელებას; და დაიწყოს, საკუთარი ხალხის სასიკეთოდ მუშაობა. ჩვენი ძლიერი სანქციების გამო, ირანის ეკონომიკა ძალიან, ძალიან ცუდ დღეშია. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ძალიან სწრაფ და ეფექტურ “გამოჯანმრთელებაში”. ეს ყველაფერი შეიძლება უმოკლეს ვადებში, მაგრამ ისინი ან ზედმეტად ამაყები ან ზედმეტად სულელები არიან იმისთვის, რომ დახმარება გვთხოვონ. ჩვენ აქ ვართ. მოდი ვნახოთ რომელ გზას აირჩევენ. ეს თავიდან ბოლომდე მათზეა დამოკიდებული.

ამერიკელთა სიცოცხლეების დაცვისთვის, ჩვენ გვინდა დავასრულოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები. ავღანეთში, ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცე დაგვეხმარა უდიდესი წინსვლის განხორციელებაში და მშვიდობიანი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ჩემი მიზანი არ არის ათასობით ადამიანის მოკვლა ავღანეთში, მითუმეტეს, როცა ბევრი მათგანი, სრულიად უდანაშაულოა.

არც ისაა ჩვენი ფუნქცია, რომ სხვა ქვეყნებში სამართალდამცავების როლი შევასრულოთ. ის მეომრები, რომლებიც ჩვენ გვყავს – ყველაზე მაგრები მთელს მსოფლიოში – ან იბრძვიან იმისთვის რომ გაიმარჯვონ, ან საერთოდ არ იბრძვიან. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი დავასრულოთ და ჩვენი ჯარი სახლში დავაბრუნოთ. ომი მძიმე ტვირთს აკისრებს ჩვენი ჯარისკაცების არაჩვეულებრივ ოჯახებს, განსაკუთრებით ისეთ მეუღლეებს როგორიც ჩრდილო კაროლინელი, ეიმი უილიამსია და ისეთ შვილებს როგორებიც, ეიმის, – ექვსი წლის ელენა და სამი წლის როუანი არიან. ეიმი სრული სამუშაო დღე მუშაობს და ამასთან ერთად ბევრ საათს სხვა სამხედრო ოჯახებს ახმარს. გასული შვიდი თვის მანძილზე, ეიმი ამ ყველაფერს მარტო აკეთებდა, რადგან მისი მეუღლე, პირველი კლასის სერჟანტი თაუნსენდ უილიამსი, ავღანეთში მსახურობს. უკვე ბევრი თვეა, ეიმის შვილებს, მათი მამა არ უნახავთ.

ეიმი, ის მსხვერპლი, რომელიც შენმა ოჯახმა გაიღო, შესაძლებელს ხდის, რომ ჩვენმა ოჯახებმა მშვიდობიანად იცხოვრონ და ჩვენ ამისთვის მადლობას გიხდით. გმადლობ ეიმი. მაგრამ კიდევ რაღაც მინდა დავამატო ეიმი. დღეს ჩვენ შენთვის სიურპრიზი გვაქვს. მოხარული ვარ მოგახსენო, რომ შენი მეუღლე ჩამოვიდა. დღეს ის აქ, ჩვენთან ერთად არის და კიდევ, რომ ვალოდინოთ, არ შეიძლება. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში, სერჟანტო უილიამს. ძალიან დიდი მადლობა. მთელი სამყაროა იმის მოწმე, რომ ამერიკა გმირების ქვეყანაა. ეს ის ადგილია სადაც დაიბადა სიდიადე, სადაც მართლდება ბედისწერა, სადაც ცოცხლდებიან ლეგენდები. ამერიკა თომას ედისონისა და ტედი რუზველტის და კიდევ ბევრი სხვა გენერლის, ვაშინგტონის, პერშინგის, პატონისა და მაკართურის სამშობლოა.

ეს აბრაამ ლინკილნის, ფრედერიკ დუგლასის, ამელია იერჰარტის, ჰერიეტ თუბმანის, ძმები რაიტების, ნილ არმსტრონგის და კიდევ უამრავი სხვა გენიოსის სახლია. ეს ის ქვეყანაა, სადაც ბავშვებს უაიეტ ირფის, დეივი კროკეტის და ეინი ოკლეის სახელები ესმით. ეს ის მიწაა, რომელსაც პილიგრიმებმა, პლიმუტში, პირველად დაადგეს ფეხი და რომელზეც ტეხასის პატრიოტები, საკუთარ ღირსებას, ალამოში იცავდნენ – მშვენიერ, მშვენიერ ალამოში.

ამერიკელი ერი შექმნეს ყველაზე ძლიერმა, ყველაზე მამაცმა და ყველაზე მიზანდასახულმა კაცებმა და ქალებმა, რომლებსაც დედამიწაზე უვლიათ. ჩვენმა წინაპრებმა შეუცნობელი შეიცნეს, ველური მოათვინიერეს, ველური დასავლეთი დაიმკვიდრეს. დაავადება, შიმშილი და სიღარიბე მილიონებად აქციეს; დაამარცხეს ტირანია და ფაშიზმი; სამყარო მეცნიერებისა და მედიცინის ახალ სიმაღლეებზე აიტანეს; დააგეს რკინიგზა, ამოთხარეს არხები და ცათამბჯენები ააშენეს. და ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენმა წინაპრებმა, მთელი მსოფლიოს ისტორიაში, ყველაზე გამორჩეული რესპუბლიკა ააშენეს, რომელიც ახლა კიდევ უფრო დიდებული ხდება. ეს არის ჩვენი დიადი და და ჩინებული მემკვიდრეობა. ჩვენ ამერიკელები ვართ. ჩვენ პიონერები ვართ. ჩვენ პირველად აღმომჩენები ვართ. ჩვენ დავიმკვიდრეთ ახალი სამყარო, ჩვენ ავაშენეთ თანამედროვე სამყარო და იმ ჭეშმარიტების შესისხლხორცებით, რომ ღმერთმა ყველა თანასწორი შექმნა, ჩვენ ისტორია სამუდამოდ შევცვალეთ. ამერიკა ადგილია სადაც ყველაფერი შესაძლებელია.

ამერიკა ადგილია სადაც ყველას შეუძლია აღდგომა. და აქ, ამ მიწაზე, ამ კონტინენტზე, ყველაზე გასაოცარი სურვილებიც ხდება. ეს ერი ჩვენი ტილოა და ეს ქვეყანა, ჩვენი შედევრი. ჩვენ ვუყურებთ ხვალინდელ დღეს და ვხედავთ უსასრულო გამოწვევებს, რომლებიც გამოკვლევებად იქცევა. ჩვენი უმთავრესი აღმოჩენები ჯერ კიდევ წინ არის.

ჩვენი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიები ჯერ არ მოყოლილა. ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოგზაურობები, ჯერაც არ გვიმოგზაურია. ამერიკული ხანა, ამერიკული ეპიკა, ამერიკული ოდისეა მხოლოდ ახლა იწყება. ჩვენი სული ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მზე ჯერ კიდევ ამოდის, ღმერთის მადლი კვლავ გვანათებს. ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. გმადლობთ.ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და ამერიკა!

დიდი მადლობა!, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები