დავით უსუფაშვილი: ეუთოს, ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის კონსტიტუციურობის შესახებ არც ერთი კითხვა არ აქვს
“შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის დასკვნას აფასებს და აცხადებს, რომ ეუთოს, ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის შესახებ არც ერთი კითხვა არ აქვს.
მისი თქმით, “ეუთოს” ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები აქვს.
“ეუთო ამბობს, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. იგი უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში. ეუთოს არ აქვს არც ერთი კითხვა ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და მას აქვს ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები, ისეთი როგორიცაა ბიულეტენების შევსების წესი ხომ არ დაიხვეწოს, ცესკოს რამდენიმე ზედმეტი დღე ხომ არ მიეცეს შედეგების შეჯამებისთვის და ასეთი საკითხები. შეგახსენებთ, ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა, რომ ეუთოს ყველა რეკომენდაციის გაზიარებისთვის წინასწარ ვიყავით მზად და ახლაც ვადასტურებ, რომ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ თემაზე, მათ აქვთ აკვიატებული საკითხი იმის თაობაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება და გვეუბნებიან, აბა სად წერს ეუთო, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება. ეუთო შეგვახსენებს, რომ დიახ, საქართველოს სასამართლო წყვეტს საბოლოო ჯამში ნებისმიერ დავას ამ თემაზე,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.