დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ რიკერს შეხვდა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით და ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ჯგუფების მუშაობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს დაეთმო. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფილიპ რიკერს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და ბოლო განვითარებებზე, მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე ადგილზე უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფასა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარგეულირების პროცესში ჩართულობისთვის.
მხარეებმა შეხვედრაზე ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და სამომავლო დღის წესრიგი მიმოიხილეს. მინისტრმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიაწოდა.