თეა წულუკიანი: საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას ვერავითარი დასპონსორებული საკანონმდებლო აქტები ვერ დააზიანებს

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, რომ არა ამერიკის დიდი მხარდაჭერა, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იქნებოდა.
„წარმოუდგენელია, რომ ორი ან თუნდაც ოთხი კონგრესმენის მიერ დასპონსორებული საკანონმდებლო აქტის პროექტის გამო, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს დააზიანებს. ამისთვის, უნდა ჩავხედოთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების ისტორიას, ბოლო, თუნდაც რვა წლის განმავლობაში იმ მაღალ დონეს, საუკეთესოს სტრატეგიული ურთიერთობებისა, რომელიც ჩვენ და მათ მთავრობას გვაქვს – იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურების სფეროში, თუ სხვა საერთაშორისო წმინდა დიპლომატიურ სფეროში.
როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მახსოვს, საქართველო იდგამდა ფეხს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. რომ არა აშშ და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა, დღეს, ალბათ, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვიქნებოდით​. ​ის სპეკულაციები, რასაც აჟღერებს ოპოზიცია, რომ მგელი, მგელი მოდის, არავითარი მგელი არ მოდის. ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი, რომლის გარეშეც ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, რამხელა იყო ამერიკელი ხალხის ხელშეწყობა, თუნდაც იმისთვის, რომ აქ ომიანობის პირობებში ხალხი ელემენტარულად გადარჩენილიყო. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი მეგობრობა გრძელდება და ამას ვერავითარი დასპონსორებული საკანონმდებლო აქტები ვერ დააზიანებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები