ანრი ოხანაშვილი: “ნაცმოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ეუთო-ოდირის დასკვნა იმის მანიშნებელია, რომ პოლიტიკურად “ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა.
ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია იმდენად უნიათოა, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობს.
„უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს. იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წუთში ცვლიან. პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი. თუ კარგი იურისტები არიან და ტექსტს კითხულობენ, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან, ერთი წინადადება – სად წერია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება. ხომ მარტივი წინადადებაა? – ეს წინადადება გვითხრან. ამაში ჩანს მათი უნიათობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ოდირი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა.
„საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, რამდენადაც, არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ ითვალისწინებს საარჩევნო სისტემების არჩევანს. საარჩევნო სისტემის არჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ექვემდებარება ფართო ინკლუზიურ დისკუსიას, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, გამოავლინონ რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული, მათ შორის, მათ მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.