მამუკა მდინარაძე: საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გვიწევს არჩევნები იმ სისტემით ჩავატაროთ რაც დღეს გვაქვს, ანუ 77/73-ზე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში ქვეყანაში არჩევნები არსებული წესით, ანუ 77/73-ზე ჩატარდება.
მდინარაძე ოპოზიციას, რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
“პირველივე ნაწილში “ეუთო-ოდირმა” ოპოზიცია დატუქსა და უთხრა, რომ “ეუთო-ოდირი” არ არის ის ადგილი, სადაც კონსტიტუციურობის საქმეს განსჯიან, ეს არის შიდა ეროვნული სასამართლოს ანუ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გვიწევს არჩევნები ჩავატაროთ იმ სისტემით რაც დღეს გვაქვს, ანუ 77/73-ზე. ოპოზიციას ვურჩევ, იფიქროს და გადაწყვეტილებები რაციონალურად მიიღოს, მათსავე ინტერესებში ჯდება, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებულ მოდელს დათანხმდნენ”,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ოდირი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა.
„საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, რამდენადაც, არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ ითვალისწინებს საარჩევნო სისტემების არჩევანს. საარჩევნო სისტემის არჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ექვემდებარება ფართო ინკლუზიურ დისკუსიას, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, გამოავლინონ რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული, მათ შორის, მათ მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.