ირაკლი კობახიძე: ეუთო-ოდირის დასკვნამ ოპოზიციის არაკომპეტენტურობა დაადასტურა, ადრე მათ ტყუილი მაინც ეხერხებოდათ, ბოლო დროს ტყუილებშიც უნიათოები არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ინიცირებული ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ, ეუთო/ოდირის დასკვნა დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაფასა.

კობახიძის განმარტებით, ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის არაკომპეტენტურობა დაადასტურა.

“ეს არ არის კლასიკური გერმანული მოდელი, ესაა დამახინჯებული გერმანული მოდელი, ავღანური ელემენტებით, რომელიც გაიგზავნა ოდირში. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირისგან იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა ანუ არის ძალიან მარტივი პასუხი, რომელიც გამოიგზავნა ოდირისგან – ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას. ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით – ერთი: ისინი ამტკიცებდნენ, რომ რეალურად არაკონსტიტუციური გერმანული მოდელი არის თითქოს შესაბამისობაში კონსტიტუციურობასთან და მეორე – მათ ისიც კი არ იციან, ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა ანუ ორმაგი არაკომპეტენტურობა დადგინდა ჩვენი ოპოზიციის. ამით ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, როდესაც ეს პროექტი გააგზავნინა ოდისში ანუ გაიგზავნა დოკუმენტი ისეთი თხოვნით, როგორითაც არ უნდა გაგზავნილიყო. ამაზე, როგორც პატარა ბავშვებს მიანიშნა ოდირმა ოპოზიციას. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან იმ დასკვნის თაობაზე, რომელმაც ისინი რეალურად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ადრე მათ ტყუილი მაინც ეხერხებოდათ, ბოლო დროს ტყუილებშიც არიან უნიათოები, რაც ძალიან კარგად ჩანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები