აბასთუმნის წყალარინების (კანალიზაციის) ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება – სამუშაოებს 4 მილიონ ლარამდე მოხმარდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების მშენებლობას იწყებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 4 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია „ფერი“-ს დირექტორმა, იოსებ მჭედლიშვილმა.

როგორც “კვირას” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი საკანალიზაციო სისტემა, კოლექტორები და კანალიზაციის ჭები მოეწყობა.

“კურორტზე წყალარინების ცენტრალიზებული ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დღეის მდგომარეობით, კი სისტემები სრულად ამორტიზებულია.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ახალი ინფრასტრუქტურა აბასთუმნის გარდა ობსერვატორიის, აღობილისა და არაზინდოს დასახლებებს მოემსახურება.

კომპანიამ, რამდენიმე დღის წინ დაასრულა აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სათავე ნაგებობები, რეზერვუარები და მოეწყო ახალი მაგისტრალური მილსადენები. ასევე, აშენდა ახალი, თანამედროვე საფილტრი შენობა.
ამ დროისთვის, აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობასა და გამრიცხველიანებას. ასევე, ახალი საქლორატოროს მოწყობას.

სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულება სრულად აღმოფხვრის მოძველებული სისტემით გამოწვეულ დანაკარგებს და კურორტს სტაბილური წყლის მიწოდებით უზრუნველყოფს.

წყალმომარაგების ორივე პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსია გამოყოფილი,”- აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები