ხობში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხობში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ი.ა-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამით მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ დიმიტრი ხვიტიას შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პატიმრობის შეფარდება დანაშაულის სიმძიმისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის გამო მოხდა, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ხვიტიას თქმით, ბრალდებული არ არის გაწონასწორებული პიროვნება და მას შეუძლია მხოლოდ შელაპარაკების გამო ჩაიდინოს დანაშაული.
მისივე განცხადებით, მან პოლიციას წინააღმდეგობაც გაუწია, რამაც, შესაძლოა, ბრალის დამძიმება გამოიწვიოს.
თავად ბრალდებულმა პროცესზე აღნიშნა, რომ ის დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. უფლებადამცველმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.
ი. ა-ს ბრალად სსკ-ის 108-ე და 19-108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედება. მან ხობში საკუთარ ახლობელს მუცლის არეში ჭრილობები დანით, ხოლო მეზობელ ქალს ბლაგვი საგნით მიაყენა. შედეგად, მამაკაცი საავადმყოფოში დაიღუპა, ქალი კი მძიმე მდგომარეობაშია.