სოფო კილაძემ, ევროპის საბჭოს სხდომაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
სოფო კილაძემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროგრესთან დაკავშირებულ სხდომაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კილაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს.
„ერთი-ერთი მტკივნეული საკითხი, რომელზეც ემოციის გარეშე საუბარი არ შემიძლია, არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, რუსეთი მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ჰუმანიტარული კატასტროფის ადგილები. გუშინ და დღეს ბატონი ტოლსტოი და ბატონი სლუცკი შეეცადნენ, დაერწმუნებინათ ასამბლეა, რომ რუსეთი პასუხისმგებელი არ არის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანების უფლებათა უმძიმეს დარღვევებზე. თუმცა, როგორც ყველამ კარგად ვიცით, მათ იციან სიმართლე, რომ ეთნიკური ქართველები ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევების მსხვერპლნი არიან. მკვლელობები, წამება, გატაცება, უკანონო დევნა, მათ იციან, რომ რუსეთია პასუხისმგებელი ყველა ამ დარღვევაზე. გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ოკუპაციის რეალური სახეა.”
„ძვირფასო კოლეგებო, წარმოიდგინეთ ოჯახის ტანჯვა, როდესაც მათ ახალგაზრდა მამაკაცის, არჩილ ტატუნაშვილის ნაწამები ცხედარი, დაახლოებით ერთთვიანი მტკივნეული მოლოდინის შემდეგ მიიღეს, შინაგანი ორგანოების გარეშე”,- აღნიშნა სოფო კილაძემ.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.