დავით ზალკალიანმა და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვენაში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს შეხვდა.
მხარეებმა ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს, გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და გამოითქვა ეუთოს მხრიდან აქტიური თანამშორმლობის მზაობა როგორც ეუთოს სივრცეში პრიორიტეტით განსაზღვრული საკითხების პოპულარიზაციაში ასევე ეფექტურ იმპლემენტაციაში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველო- ეუთოს თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ურთულეს ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე რაც ართულებს ადგილზე მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ეუთუს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების და ადგილზე მოსახლეობისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოვიდა ეუთოს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე, ასევე შეხვედრა გამართა ეუთოში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.