განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს ავტორიზაციისთვის ყველა რესურსით გააძლიერებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ საჯარო სკოლების დირექტორებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით არსებული სიახლეები გააცნო.
„ზოგადი განათლების კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონპროექტის თანახმად, სკოლების ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტის მიხედვით 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად 2026-2027 წლამდე დასრულდება.
“ჩვენ გინდა უფრო ხარისხიანი, ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემო მოსწავლეებისთვის. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სტანდარტები, რომლებიც საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამ მიმართულებთ გვჭირდება მუშაობა საჯარო სკოლებთან, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ადამიანური და მატერიალური რესურსების განვითარების მიმართულებით,”- განაცხადა ეკა დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადების გადაწევა. 2026-2027 სასწავლო წლიდან ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტით განხორციელდება, რომელიც საქართველოს ყველა საჯარო სკოლამ უნდა დააკმაყოფილოს. თავის მხრივ, სამინისტრო საჯარო სკოლებს ავტორიზაციისთვის ყველა რესურსით გააძლიერებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ზოგადი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმით, რაც საჯარო სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო, ინფრასტრუქტურულად გამართული გარემოს შექმნას გულისხმობს. ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც მოიაზრებს როგორც საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე, სწავლა-სწავლების პროცესში ახალი, თანამედროვე მეთოდების დანერგვას.
ამ ეტაპზე „ახალი სკოლის მოდელი“ 165 საჯარო სკოლაში ხორციელდება. 2020-2021 სასწავლო წლიდან იგი საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას შეეხება. ზოგადი განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის ყველა საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული საჭიროებები დაკმაყოფილდება და სასწავლო პროცესში სწავლა-სწავლების ახალი მიდგომები სრულად დაინერგება.