გია ვოლსკი სენატორების წერილზე: თუ ჩვენს მიმართ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ
არის საკითხები, რომელიც რაღაც ტერმინს მომაგონებს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გამოიყენება, ამას მეგობრული ცეცხლი ჰქვია, როცა მეგობარი მეგობარს უნებლიეთ აზიანებს,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის ჯეიმს რიშისა და კომიტეტის წევრის ჯინ შაჰინის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილს, სადაც ისინი საქართველოში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
„არის საკითხები, რომელზეც ჩვენ სიღრმისეული და ერთობლივი ანალიზი გვმართებს, ასევე არის საკითხები, რომელიც რაღაც ტერმინს მომაგონებს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გამოიყენება, ამას ჰქვია მეგობრული ცეცხლი, როცა მეგობარი უნებლიეთ მეგობარს აზიანებს. თემა, რასაც ჰქვია, ქართულ-ამერიკული პარტნიორული ურთიერთობები, ეს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი არ არის, ეს არის რეგიონის ინტერესი, ჩვენი ორივეს ინტერესია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ საკითხების უპასუხოდ დატოვება. ეს პასუხები უნდა იყოს საქმიანი, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილი და შექმნილი ვითარების რეალური ანალიზი უნდა ხდებოდეს. როგორც წერილის ადრესატს, ასევე პოლიტიკოსებს მართებთ არა მხოლოდ წერილობითი და დეკლარაციული პასუხების გაცემა, არამედ ფაქტებით კარგად აღჭურვილი დელეგაციების შეხვედრა ამერიკელ კოლეგებთან. არანაირი ურთიერთობები არ უნდა იყოს გადახედილი, ეს გამორიცხულია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში მოკავშირე, ისეთი როგორიც საქართველოა, არ არის მხოლოდ პათეტიკასთან ან სენტიმენტებთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის საგანგებო, სტრატეგიული პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი. თუ ჩვენს მიმართ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ, ვინაიდან ეს პარტნიორული ურთიერთობა როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე არის რეგიონალური სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის. აქ სასწორზე დევს პოლიტიკური თემა, რაშიც ცამდე მართლები ვართ და მეორე მხარეს დევს თემა, რომელიც ქართულ-ამერიკულ ინტერესებში აერთიანებს ყველაფერს, რასაც ჰქვია რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის სენატორები წერილში ასევე აღნიშნავენ: “ჩვენ ვშიშობთ, რომ რეფორმებში პროგრესის ნაკლებობა და საქართველოში დაძაბულობის ზდა მხოლოდ გაუხსნის კარს ქვეყანასა და მთელ რეგიონში რუსეთის ჩარევის გაძლიერებას. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, მით უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენ შესაძლოა, იძულებულები გავხდეთ, ჩვენი პარტნიორობა გადავაფასოთ”.