14 წლის ბავშვს საკუთარი და სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა – თბილისში ტრეფიკინგში მხილებული 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული მ.ფ., 1973 წელს დაბადებული მ.გ. და 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.
სამივე ბრალდებული – დაზარალებული არასრულწლოვნის და, ე.წ. „სუტინიორი“ და ტრეფიკინგში ჩართული ტაქსის მძღოლი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგებით ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა-2 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.