ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობა მაღალია გარე გამოწვევებისა და შოკების მიმართ

ბოლო წლებში საქართველომ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა რეფორმებში, რომლებიც მხარს უჭერენ ეკონომიკურ ლიბერალიზაციას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას, ვაჭრობის ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის შექმნას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ვცდილობთ განვახორციელოთ ყოვლისმომცველი რეფორმები, გავაძლიეროთ კონკურენცია გლობალურ ასპარეზზე და როგორც თავის სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და კერძო სექტორს ემყარება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოს მიღწევები კარგად არის ასახული საერთაშორისო რეიტინგებში, თუმცა მთავარი მიღწევა გასული წლის იანვარ-ნოემბერში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპია – 5,3%, რაც მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

„IMF-ის პროგნოზით, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ძალზე კონსერვატიული შემფასებელია, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი, საშუალოდ 4,9%-იანი ზრდის ტემპი მეზობელ ქვეყნებს შორის საშუალოვადიან პერიოდში (2020-2024). ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობაა მაღალია გარე გამოწვევებისა და შოკების მიმართ. თუმცა, გარე გამოწვევებმა და გარე შოკებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე და ჩვენი ვალია, გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობა შემდგომი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების საშუალებით. ეს არის ერთადერთი გზა პოტენციური გამოწვევების დასაძლევად და რისკების შესასრულებლად”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები