ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად

0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს 2018 და 2019 წლებში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება.
შესაძლებელია ერთი ავტორის რამდენიმე რომანის წარდგენა.
ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
რომანი პირველად გამოქვეყნებული უნდა იყოს 2018-იდან 2019 წლის ჩათვლით;
წიგნი უნდა წარადგინოს ან გამომცემლობამ, ან – ავტორმა. ჯილდო გადაეცემა ავტორს;
განაცხადის შემოტანა შეიძლება 2020 წლის 27 იანვრიდან 29 თებერვლის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი;
გამარჯვებული გამოცხადდება 2020 წლის ზაფხულში;
გამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია, რომლის ოდენობაც 10 000 ლარს შეადგენს.

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ისტორია:

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს რვაწლიანი ისტორია აქვს.
2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისთვის საქართველოში და დააარსა 10000-ლარიანი პრემია საუკეთესო რომანისთვის. 2010-2014 წლებში პრემია 4 ნომინანტზე გაიცა.
2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარმანისთვის.

ქრონოლოგია

2010 წელს პრემია მიენიჭა აკა მორჩილაძეს (რომანისთვის „მამლუქი“);
2011 წელს პრემია მიენიჭა ზაზა ბურჭულაძეს (რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი“);
2012-2013 წელს პრემია მიენიჭა ანა კორძაია-სამადაშვილს (რომანისთვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუას (რომანისთვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“);
2014 წელს პრემია მიენიჭა ზაზა ჭილაძეს (უილიამ ფოლკნერის რომანის „დროშები მტვერში“ თარგმანისთვის);
2015 წელს პრემია მიენიჭა ნანა ექვთიმიშვილს (რომანისთვის „მსხლების მინდორი“);
2016 წელს პრემია მიენიჭა არჩილ ქიქოძეს (რომანისთვის „სამხრეთული სპილო”).
2017 წელს პრემი მიენიჭა ლაშა ბუღაძეს (რომანისთვის „პატარა ქვეყანა”) და ზურაბ ჯიშკარიანს (რომანისთვის „საღეჭი განთიადები: უშაქროდ”);
2018 წელს პრემია მიენიჭა ლანა კალანდიას (მარიო ვარგას ლიოსას ორი რომანის – „ქალაქი და ძაღლები“, „ვაცის ნადიმი“ – თარგმანისთვის).

კომენტარები

კომენტარი