აუტიზმთან მუშაობის თანამედროვე მეთოდებზე კონფერენცია გაიმართება
სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯის” ორგანიზებით და “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით 30 იანვარს, 11:00 საათზე, კონფერენცია გაიმართება, თემაზე – “აუტიზმის მქონე ადრეული ასაკის ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდები”.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯის” ცნობით, კონფერენციის მიზანია აუტიზმის მართვასთან დაკავშირებით აქტუალურ გამოწვევებს უპასუხოს, რომლებიც საზოგადოების და პროფესიონალების წინაშე დგას. შეხვედრას საქართველოში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები გაუძღვებიან, რომლებიც ამ მიმართულებით ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას განიხილავენ.
კონფერენცია დაინტერესებული პირებისთვის, პროფესიონალებისა და მშობლებისთვის, ასევე სოციალური პოლიტიკის განმსაზღვრელი ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი.
“მომხსენებლები მოწვეულ სტუმრებს საქართველოსთვის შედარებით ახალი მიდგომას DIR – Floortime-ს (განვითარებაზე, ინდივიდუალურ პროფილზე და ურთიერთობაზე დაფუძნებული მიდგომა) გააცნობენ, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში 1980 – იანი წლებიდან გამოიყენება, როგორც აუტიზმის ან ამ მხრივ რისკის მქონე ადრეული ასაკის ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის მეთოდი და რომლის დანერგვაც არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველ ნაბიჯში“ უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. მეთოდის დანერგვა მოხდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, მოიცავდა პროფესიონალთა მომზადებას და სერტიფიცირებას, ასევე, მეთოდის ეფექტურობასთან დაკავშირებულ საპილოტე კვლევას. ამ ეტაპზე ორგანიზაციაში აღნიშნული მიმართულებით 8 თერაპევტი მუშაობს, 2021 წლიდან კი ეყოლება საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ექსპერტ/ტრენერები, რომლებიც ამ მიმართულებით ადგილობრივი კადრის გადამზადებას შეძლებენ.
“პირველი ნაბიჯი” უკვე 21 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე და თვის განმავლობაში 700-ზე მეტ ბავშვს უწევს მომსახურებას”,-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.