საქართველოს ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს.

დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის დასაწყისში გამოვლენილ ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენდა. საპასუხოდ, გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა გაცვლითი კურსიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას. დეკემბერში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მცირედით გამყარდა, რამაც ინფლაციაზე ზრდის წნეხი შეამცირა, თუმცა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ჯერ კიდევ გაუფასურებულ დონეზე რჩება. ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და დაკრედიტების მაღალი ზრდა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მაჩვენებლების დინამიკა დამატებით ინფლაციურ წნეხს შექმნის, ეს შეიძლება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების წინაპირობა გახდეს.

პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. აღნიშნულს უზრუნველყოფს მონეტარული პოლიტიკა, რომელიც მკაცრი დარჩება მანამ, სანამ საშუალოვადიანი ინფლაციის მოლოდინები მიზნობრივ სამ პროცენტამდე არ შემცირდება.

ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზომიერი ზრდის ტემპი ნარჩუნდება. საგულისხმოა, რომ, მიუხედავად ზაფხულის ჩავარდნისა, გასული წლის ოქტომბრიდან ტურისტული შემოსავლების წლიური ცვლილება კვლავ დადებითი გახდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელსაც გაგრძელდა წინა წლების ტენდენცია და მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები