ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისში, კრილოვის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა „დაგი+“ ასრულებს. კრილოვის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 272 ათასი ლარი დაიხარჯება. ასევე, დასასრულს უახლოვდება ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერის მოწყობა. სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაშენდება მწვანე ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა. დაიდგმება ძელსკამები. სამუშაოებს ასრულებს შპს „ნიუ სთაილი“ და მისი ღირებულებაა 485 113 ლარი.

მიმდინარე პროექტები ადგილზე ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა. „ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის მასშტაბით. ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებია კრილოვის ქუჩაზე, სულხან საბას გამზირზე და მალე დაიწყება კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია. ტენდერია გამოცხადებული 8 სკვერის და შიდა კვარტალური გზების მოწყობაზე. ასევე, გარემონტდება 3 მუსიკალური სასწავლებელი და 1 სახელოვნებო სკოლა. მიმდინარე წელს ქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ჩვენი ქალაქის იერსახეზე,” – განაცხადა  გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები