გია ვოლსკი: ჩვენი შეთავაზება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო, გადაულახავ ბარიერს შეეჯახა
ჩვენი შეთავაზება და არა ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო, გადაულახავ ბარიერს შეეჯახა და კონკრეტულად იმ დესტრუქციას, რაც 24 ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით ვიხილეთ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მესამე სექტორის განცხადებას.
ვოლსკი მესამე სექტორის მიმართვას პოლიტიკური პლატფორმიდან გაკეთებულ განცხადებებს უწოდებს.
“ჩვენი შეთავაზება და არა ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები, შეეჯახა გადაულახავ ბარიერს და კონკრეტულად იმ დესტრუქციას, რაც 24 ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით ვიხილეთ. ამ შეთავაზების რეალიზაცია მოგვიტანს იმას, რასაც უკვე 24 ივნისიდან ემუქრებოდნენ საქართველოს – რევოლუციით, დესტაბილიზაციით და მთავრობის აშკარა პერსპექტივით. მოწოდებები, განცხადებები გაკეთებულია პოლიტიკური პლატფორმიდან და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ანალიზს არ აკეთებს, რომელიც სიღრმეში არ იხედება და რომელიც არ იკვლევს მიზეზებს, თუ რატომ მოხდა და რამდენად პერსპექტიულია ის შეთავაზება, რაც დღეს ასეთი დაპირისპირების პირობებში გააჩნია ზოგიერთ ოპონენტს პარტიას,” – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მესამე სექტორის წარმომადგენლები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, უზრუნველყონ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები დაუბრუნდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე – საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფორმატს.