მალხაზ მაჩალიკაშვილი: ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, კარვებს იქ დავდგამ, სადაც შევძლებ

ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, კარვებს იქ დავდგამ, სადაც შევძლებ,- ამის შესახებ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელყუმბარა, რომელიც გამოძიებამ მტკიცებულების სახით მათი ბინიდან ამოიღო, შემთხვევის ადგილზე თავად სამართალდამცველებმა მიიტანეს.

„ამ სისხლიანმა ხელისუფლებამ გაანადგურა ხელყუმბარა, ერთადერთი მტკიცებულება, რათა სიმართლე არ დადებულიყო. თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია, ხელყუმბარა არის შემოტანილი. სამი საათის განმავლობაში თემირლანი იმ შემოტანილ ხელყუმბარასთან ერთად ჰყავდათ სპეცრაზმელებს და სუს-ის თანამშრომლებს. რაც შეეხება ოქმს, სადაც ეწერა რომ თემირლანს ხელყუმბარა ჰქონდა, მე იმაზე ხელი მოწერილი არ მაქვს. მე მახსოვს, რომ ხელი არ მომიწერია. თუ აქვთ ჩემი ხელმოწერა, მაშინ გაყალბებულია. ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ. ბრძოლის გეგმა ისაა, რომ ყველა თანამდგომ ადამიანთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა და პროტესტით მივიყვანო ეს საქმე ბოლომდე. კარავიც დაიდგმება და ის ბანერებიც დაიდგმება. კარვებს დავდგამ სადაც შევძლებ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები