ეროვნულ მუზეუმში ჩინური ხელოვნების გამოფენა 9 თებერვლამდე გაგრძელდება

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში” 9 თებერვლამდე გასტანს.
გამოფენა ეძღვნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილეს. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ასევე გაიმართება გამოფენისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია (ავტორები: ირინა კოშორიძე, მარინა დგებუაძე, ნათია დემურიშვილი, ნინო სიმონიშვილი).
გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები, უპირველესად, ფართო ქრონოლოგიური და გეოგრაფიული თვალსაზრისით იქცევს ყურადღებას.
პირველი დარბაზი ეთმობა საქართველოსა და ჩინეთის – ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობათა ამსახველ არტეფაქტებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დარსებისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო პოსტერებს. პირველად გამოიფინება XX საუკუნის 80-90-იან წლებში საქართველოში სტუმრად მყოფი ჩინელი მხატვრების – ჩენ ჩუანისა და ძიანგ შილუნგის ქართულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. მეორე დარბაზში წარმოდგენილია ძველი ჩინეთის მატერიალური კულტურის ძეგლები – ჩინური ქსოვილის, ფაიფურის, მინიატიურის, ჩინური ნაქარგობის, ფერწერის, იარაღისა თუ ბუდისტური მცირე პლასტიკის რჩეული ნუმუშები. მესამე დარბაზი კი ეთმობა უახლეს ეპოქას. პირველად გამოიფინება XX საუკუნის 50-60-იანი წლების სააგიტაციო პლაკატები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებისა და ადრეული პერიოდის ქრონიკებს აცოცხლებს.
„საქართველოში ადრეული შუა საუკუნეებიდან იცნობდნენ და აფასებდნენ ჩინურ კულტურას. ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა აბრეშუმის გზა – უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-საქარავნო მაგისტრალი, რომლითაც შემოჰქონდათ საუკეთესო ხარისხის ჩინური აბრეშუმი და ფაიფურის ჭურჭელი.
ჩინეთი, როგორც აღმოსავლური ცივილიზაციისა და კულტურის გამოკვეთილი ლიდერი, უკვე ადრეული შუა საუკუნეებიდან ერთგვარ კანონმდებლად იქცა არქიტექტურის, სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების არაერთ დარგში. ამაზე მეტყველებს ის უდიდესი და უმდიდრესი მემკვიდრეობა, რომელიც ძველი ჩინური კულტურისგან ერგო მსოფლიოს.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩინური ხელოვნების ნიმუშები დასტურია იმ დიდი ინტერესისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ჩინური კულტურის მიმართ არსებობდა. მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, თვალი გავადევნოთ ჩინური ხელოვნების განვითარების გზას ადრეული შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობამდე“, – აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები