დავით ზალკალიანი – აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილებს გამოეხმაურა.

ჟურნალისტებთან საუბარში ზალკალიანმა აღნიშნა, რომ პარტნიორების ნებისმიერი განცხადება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც მეგობრების რჩევა და გამოხმაურება.

მინისტრის თქმით, პარტნიორების, მათ შორის ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველო აღიქმება როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

„ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული კონგრესმენის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საუბრობენ სწორედ იმ მაღალი დემოკრატიული სტანდარტების გამო, რა სტანდარტებიც ჩვენმა ქვეყანამ დააფუძნა და რისი ფლაგმანიც ჩვენ ვართ მთლიანად რეგიონში. ამიტომ, მოლოდინებიც არის შესაბამისად მაღალი და კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას იწვევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და სწორედ ამ თვალსაზრისით და ამ კუთხით ვხედავ იმ მიმართვებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. მინდა, ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება. ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და უშუალოდ ინფორმაციის მიტანა სიტუაციას რადიკალურად შეცვლის”,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წერილებში იყო გარკვეული ფაქტობრივი უზუსტობებიც, რაც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ სუბიექტურ ინფორმაციასთან.

„ჩვენ ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად გავაგრძელებთ აშშ-სთან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე თანამშრომლობას, რათა მათ მუდმივად ჰქონდეთ ყოვლისმომცველი და ზუსტი ინფორმაცია ყველა პროცესზე, მათ შორის ეკონომიკური ზრდის კუთხით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე, რადგან მოსაზრება, რომ საქართველოში ეკონომიკური ვარდნაა, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა გვქონდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე, ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ მნიშვნელოვან უზუსტობაზე კონგრესმენის განცხადებაში, სადაც ნათქვამი იყო თითქოს კონსოლიდირებულ საბიუჯეტო აქტში საქართველოსთან მიმართებაში არის ნეგატიური პასაჟები.

„ჩვენ შეგვიძლია თვალნათლივ დავრწმუნდეთ, რომ ეს ასე არ არის, რადგანაც 2017, 2018 და 2019 წლების კონსოლიდირებულ აქტებში, არის ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები საქართველოსთან მიმართებაში. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში, ასეთი მაღალი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს არასდროს ჰქონია”, – აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება ვაშინგტონში მაღალი დონის ვიზიტები, რაც იქნება კარგი საშუალება, უშუალოდ ამერიკელ პარტნიორებს და კონგრესმენებს გაეცნოთ პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები