ხარაგაულში ჩინურ კომპანიებში დასაქმებულთათვის საინფორმაციო კამპანია მოეწყო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანს, ვირუსის პროფილაქტიკა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სამ ჩინურ კომპანიაში დასაქმებულების შემოწმება და მათი ინფორმირება წარმოადგენდა.
“დადგენილია, რომ ეს ვირუსი წამოვიდა ჩინეთიდან და იწყება პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა. საქართველო განეკუთვნება ვირუსის გავრცელების დაბალი რისკის მქონე ქვეყანას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიგრაციული ფონიდან გამომდინარე, საქართველოში მრავლადაა ჩინური კომპანიები წარმოდგენილი, მათ შორის არის ხარაგაულშიც. ახლახანს იყო ახალი წელი და აქ დასაქმებულ ჩინელ მოსახლეობას ჰქონდა მიგრაციული პროცესები, გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ მივიღოთ პრევენციული ზომები”,- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კონსტანტინე გვეტაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეები მოწმდებიან საბაჟო გამშვები პუნქტებიდანვე, ასევე, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია თუ რა სიმპტომატიკაა და რას უნდა მიაქციონ ყურადღება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სამი ჩინური კომპანია ფუნქციონირებს, სადაც როგორც ქართველები, ასევე ჩინელები არიან დასაქმებულნი. მათ ქართველი ექიმები ემსახურებიან.
“ზუსტად უნდა იქნეს გათვლილი რისკები, ჩინეთის ყველა მოქალაქე შეიძლება არ წარმოადგენდეს რისკს, გააჩნია რომელი რეგიონიდან არიან, თუ იქნება იმ რეგიონიდან სადაც დაფიქსირდა ვირუსი, რა თქმა უნდა პირველივე კონტროლი განხორციელდება საზღვარზე და შემდეგაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება მათ მიმართ”,- აღნიშნა გვეტაძემ.
“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ჯანდაცვის სამინისტროს ,ადგილობრივ ჯანდაცვის სამსახურთან და ჩინურ კომპანიებთან და მათთან თანამშრომლობით, ჩვენ გავაკონტროლებთ ამ საფრთხეებს,”- განაცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.
დღესვე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან ვინც უკვე წასულია ჩინეთში, მათი რეისები გააუქმებულია, ამ დროისთვის კი კომპანიაში ტემპერატურა, ან ვირუსის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არავის აღენიშნება.
ცნობისთვის , ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სამივე ჩინურ კომპანიაში ჩინეთის 1190 მოქალაქე მუშაობს.