კახა კალაძე: ყველას ერთნაირი შეხედულებები ვერ გვექნება, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება დაუშვებელია
თბილისის მერი კახა კალაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლევან ხაბეიშვილსა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის 24 იანვარს, თბილისის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
კალაძის თქმით, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება დაუშვებელია.
“ხაბეიშვილისგან ნამდვილად არ მიკვირს ბინძური განცხადებები, ეს მისი სტილია. ეს ადამიანი არის იმისთვის, რომ ისაუბროს სიცრუეზე, მიაყენოს ადამიანებს შეურაცხყოფა, ზოგადად ცემის ფაქტს რაც შეეხება, სამწუხაროა და ცუდია რომ ეს მოხდა. თუმცა ასევე ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვისმენთ სიტყვიერ შეურაცხყოფებს. ეს ყველანაირ პოლიტიკას სცდება. ჩვენ შეგვიძლია ვიდებატოთ, შევიდეთ პოლემიკაში, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე, ცხადია ყველას ერთნაირი შეხედულებები ვერ გვექნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელი, მათ შორის ფიზიკური ძალადობაც”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე პარასკევს, 24 იანვარს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც თბილისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.