„ეს ერთ-ერთი ჩანაწერია, სადაც ნუგზარ ფსუტური და გომარ სიხარულიძე დუეტში მღერიან“ (ვიდეო)

ნუგზარ ფსუტურის ოჯახი  უსამძიმრებს გომარ სიხარულიძის ოჯახს ნუგზარ ფსუტურის ახლო მეგობრის, კომპოზიტორის, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის გომარ სიხარულიძის გარდაცვალებას. ეს თანაგრძნობა მომღერლის, ლოტბარის, ანსამბლ „ლომისის“ ხელმძღვანლის, ნუგზარ ფსუტურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. იქვე გამოქვეყნებულია „ცანგალა და გოგონას“ ჩანაწერი, გომარ სიხარულიძისა და ნუგზარ ფსუტურის შესრულებით.
„ნუგზარ ფსუტურის ოჯახის სახელით ვუსამძიმრებთ ბატონი გომარის ოჯახს და არა მარტო ოჯახს, მთელს საქართველოს… უფალმა დაუმკვიდროს მას ცათა სასუფეველი!
გომარ სიხარულიძე და ნუგზარ ფსუტური – „ცანგალა და გოგონა“ (ანსამბლი „კოლხეთი“) – ეს ერთ-ერთი ჩანაწერია, სადაც ნუგზარი და გომარ სიხარულიძე დუეტში მღერიან. მათ არაერთ ქვეყანაში უმოგზაურიათ, მონაწილეობა მიუღიათ მრავალ კონცერტში ანსამბლ „კოლხეთთან“ ერთად.
ნუგზარის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ნუგზარისადმი მიძღვნილ წიგნზე ვმუშაობდით („იცნოს სოფელმან… ნუგზარ ფსუტური“), ბატონი გომარი აქტიურად გვეხმარებოდა და წიგნის წინასიტყვაობაც სწორედ მას ეკუთვნის. დიდი მადლობა ყველაფრისთვის!
,,ნუგზარ ფსუტური განუმეორებელი მოვლენაა ქართულ ხალხურ საშემსრულებლო ხელოვნებაში. ეს განუმეორებლობა მისი ცხოვრების წესშიც იჩენს თავს. მრავალწახნაგოვანია მისი შემოქმედება: ნუგზარი სოლისტი, მომღერალი, ნუგზარი უბადლო პარტნიორი, შესანიშნავი ლოტბარი, ბრწყინვალე სელექციონერი და შესანიშნავი თვითმოქმედი კომპოზიტორი, რომლის სიმღერებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო დიდი სიყვარულით მღერის და ბევრს იგი ხალხური ჰგონია (გომარ სიხარულიძე)”, – აღნიშნულია ნუგზარ ფსუტურის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები