თამარ გაბუნია: შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს

0

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით პირველი რეკომენდაცია, რისი განხილვაც ხვალიდან მოხდება,  მოგზაურობის შეზღუდვები იქნება.

„ვირუსის გადაცემის შემთხვევები ჩინეთში გაიზარდა და 2000 მიაღწია. რა თქმა უნდა, ჩინეთი ძალიან მკაცრ რეაგირების მექანიზმებს იყენებს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტად მკაცრი იქნება ჩინეთი, მით უფრო დაცულია სხვა ყველა ქვეყანა. ჩვენ რაც შეგვეხება, პირველი რეკომენდაცია, რასაც ხვალ განვიხილავთ იქნება მოგზაურობის შეზღუდვა, ამის შესახებ რეკომენდაციები უკვე გავრცელდა და ჩვენ ვურჩიეთ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც რისკი მაღალია. ზოგადად შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი. დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თუმცა ქვეყანას თავადაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ამის საჭიროებას დაინახავს.

ხვალ დაიწყება რეკომენდაციები საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად მკაცრად უნდა მივუდგეთ მგზავრობის შეზღუდვის თემას და ძალიან მალე, მომავალი კვირის დასაწყისში უფრო მკაფიო გახდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა შემოსული მგზავრის შემოწმება თერმული სკრინინგით სავალდებულო არ არის, მოწმდება ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები, ტრანზიტული თუ პირდაპირი რეისებით. ასევე ყველა მგზავრისთვის არის ინფორმაცია, როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ მათ აღმოაჩნდებათ ვირუსის სიმპტომები”,-განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი