თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა
თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 31-ს მიაღწია,- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით სააგენტო “Anadolu” ავრცელებს.
ნანგრევებიდან მაშველებმა 45 ადამიანი ამოიყვანეს, მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში 3400-ზე მეტი მაშველი, ასობით ერთეული ტექნიკა და 17 ძაღლი მონაწილეობს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 76 შენობა, 42 სახლი დაზიანდა, 425-ს კი მცირე ზიანი მიადგა.
თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 500-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.