კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, 2019 წლის აპრილი-ოქტომბრის თვეებში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რესტავრაციის სამუშაოები განხორციელდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო, დანგრეული იყო კამარა, კონქი კედლების დიდი ნაწილი. სახურავი იყო ჩამოშლილი. კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები შესრულდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ.

შესრულებული სამუშაოების შედეგად:
ფასადზე და ინტერიერში ამოშენდა კედლები ახალი ქვით კირ-დუღაბზე;
აღდგა ცენტრალური პილასტრი და კაპიტელი ნიჩბისის შერჩეული ქვით კირ-დუღაბზე;
ინტერიერში და ფასადზე აღდგა კარ-სარკმლის თაღები ნიჩბისის ქვით კირ-დუღაბზე. ხის მასალით დამზადდა და დამონტაჟდა კარ-სარკმელი;
ამბიონის ასასვლელი და იატაკი მოეწყო ნიჩბისის და ადგილობრივი კლდის ქვით კირ-დუღაბზე;
ეკლესია გადაიხურა კრამიტის სახურავით კირის ხსნარზე, დამზადდა და დამონტაჟდა ჯვარი;
შესასვლელში მოეწყო საფეხურები ნიჩბისის ქვით, ეკლესიის გარშემო კი – სარინელი.
ტაძრის გარეთ დასავლეთით და ჩრდილოეთით მოეწყო საყრდენი კედელი შერჩეული რიყის ქვით.

სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდა: შპს „ზანე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები