„ქართული სიმღერა-თამაშები (ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)“ – ორენოვანი სანოტო კრებულის წარდგენა გაიმართება

25 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ორენოვანი სანოტო კრებულის „ქართული სიმღერა-თამაშები (ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)“ წარდგენა გაიმართება.
კრებული გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში „უსაზღვრო შესაძლებლობები“ გამარჯვებული პროექტის „ქართული სიმღერა-თამაშების წიგნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის (ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)“ ფარგლებში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის შედეგად, პირველად, საქართველოში შეიქმნა მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზე დაფუძნებული ქართულენოვანი სიმღერა-თამაშების წიგნი.
პროექტის თანადამფინანსებელი და განმახორციელებელია „სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“.
სიმღერა-თამაშების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ – წიგნის შემდგენელი, მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი – გერმანიაში მოღვაწე, სერტიფიცირებული მუსიკათერაპევტი,  ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი და მისი ასისტენტები – საქველმოქმედო ფონდ ,,აი იას“ გუნდის წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია.
„მათი ყოველდღიური პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია სიმღერა-თამაშები და იმპროვიზაცია. მუშაობის საწყის ეტაპზე ყველა სიმღერა-თამაში, რომელიც თერაპიის პროცესში გამოიყენებოდა, გერმანულიდან უხეშ ნათარგმნს წარმოადგენდა. ბენეფიციარებთან თერაპიული პროცესის მიმდინარეობისას ბუნებრივად იბადებოდა ახალი – ქართული ენისთვის ორგანული სიმღერა-თამაშები. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ქართულ ენაზე სიმღერა-თამაშების კრებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი წიგნები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დაწესებულებას საჩუქრად გადაეცემა.
კრებულების გავრცელება გერმანიის ქალაქ ვიტენში – ნორდოფ/რობინსის ცენტრშიც იგეგმება. წიგნების პრაქტიკაში გამოყენება როგორც უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრების სპეციალისტებს, ისე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ტიპური განვითარებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე მუსიკის მასწავლებლებს შეეძლებათ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ 2016 წლის 14 აპრილს ბიზნესმენმა და მეცენატმა ივანე ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდი საქართველოში მცხოვრები სმენადარღვეული ბავშვებისთვის სრულფასოვანი რეაბილიტაციის მოდელის შემუშავებისა და დანერგვისთვის შეიქმნა. დაარსების დღიდან ფონდი ათეულობით ოჯახს ემსახურება და ქვეყნისთვის უნიკალურ და კომპლექსურ სერვისს აწვდის, რაც კოხლარული იმპლანტის მქონე ბავშვებისთვის 2-დან 5 წლამდე ხანგრძლივობის კომპლექსური-მულტიდისციპლინარული მომსახურების გაწევას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები