ანრი ოხანაშვილი: აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდამჭერი აქტი რეალიზებული ვერ იქნებოდა, თუ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე შეექმნებოდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის წერილის გაგზავნის საკითხზე განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდამჭერი აქტი ვერ დაინიცირდებოდა და ვერ იქნებოდა რეალიზებული, თუ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე შეექმნებოდა.

ოხანაშვილის თქმით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ვერაფერი შეცვლის.

„კონგრესმენის თითოეულ ასეთ განცხადებაზე პასუხი არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია, ის ორპარტიული მხარდამჭერი აქტი, რომელიც შემუშავდა საქართველოს მხარდასაჭერად, პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადებები და არა ერთი რომელიმე კონგრესმენის განცხადება, არის პასუხი მათივე ამ წერილზე, მათივე ამ შეკითხვებზე. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც გააკეთა შეფასება, სადაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში ვთანამშრომლობთ, ეს მხარდაჭერა იქნება შეუცვლელი. აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდამჭერი აქტი ვერ დაინიცირდებოდა და ვერ იქნებოდა რეალიზებული, თუ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ექმნებოდა, ამიტომ ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციაა პასუხი მათივე ამ შეკითხვებსა, თუ რიტორიკულ კითხვებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის ოთხმა წევრმა ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკაულიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. წერილში კონგრესმენები დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები