გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის ადვოკატები: ჰოსპიტლის წარმომადგენლები ემზადებიან, გააყალბონ დოკუმენტები

ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი გარდაცვლილი პაციენტის, 40 წლის მანუჩარ მაღლაფერიძის ოჯახს სამედიცინო ისტორიას, დოკუმენტაციას არ აწვდის, – ამის შესახებ ოჯახის ადვოკატებმა გაიოზ ჩარკვიანმა და მაია ნიკოლაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

გაიოზ ჩარკვიანის თქმით, კლინიკამ გარდაცვლილის მეუღლეს დოკუმენტაციის გაცემაზე უარი იმ საფუძვლით უთხრა, რომ ისინი სამოქალაქო ქორწინებაში არ იყვნენ. ადვოკატი ვარაუდობს, რომ კლინიკა დოკუმენტაციის გაყალბებას ცდილობს და დროის მოგება სურს.

„ვითხოვდით დოკუმენტაციას, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რა პროცედურები ჩაუტარდა პაციენტს, რომ სამართლებრივი პროცედურები წარგვემართა, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიგვემართა, დაგვენიშნა სამედიცინო ექსპერტიზები და ა.შ. ადვოკატებს გვითხრეს უარი.

მეუღლესაც უარი უთხრეს დოკუმენტაციის გადაცემაზე, მივიტანეთ ჯვრისწერის მოწმობის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. სამოქალაქო ქორწინებაში არ იყვნენ, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს ჯვრისწერას.

არსებობს ვარაუდი, რომ ჰოსპიტლის წარმომადგენლები ემზადებიან, გააყალბონ და ფალსიფიცირება გაუკეთონ დოკუმენტებს . აქედანვე მინდა, მივმართო პროკურატურას, ჯანდაცვის სამინისტროს, რომ აღნიშნული საქმე კონტროლზე აიყვანონ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ, რის გამოც 40 წლის პაციენტი, მანუჩარ მაღლაფერიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებმა, მეუღლემ ლელა ლომაძემ და დეიდამ ლეილა ლაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს.

როგორც მაღლაფერიძის დეიდამ, ლეილა ლაბაძემ განაცხადა, პაციენტი კლინიკაში 9 დეკემბერს მაღალი სიცხით მიიყვანეს. ექიმების დიაგნოზით მას პნევმონია სჭირდა, რის გამოც კლინიკაში დააწვინეს. როგორც ლაბაძე ყვება, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა, ექიმები აცხადებდნენ, რომ მაღლაფერიძეს სიცოცხლისთვის სახიფათო სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები