ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან ფრენების აღდგენაზე გარკვეული მოლოდინები არის
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის გარკვეული მოლოდინები არსებობს.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან შეხვედრა პრაღაში, სავარაუდოდ, მარტის პირველ კვირას გაიმართება.
“სავარაუდოდ, მარტის პირველ კვირას გაიმართება ჩვენი მორიგი შეხვედრა პრაღაში. ვიმსჯელებთ, ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, ეს გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები. ფიქრობენ, ავია-რეისების აღდგენაზე. არის მოლოდინები, მაგრამ როდის იქნება ეს, ამის თქმა მიჭირს”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები, მოსკოვის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისს აიკრძალა. რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისში 20-21 ივნისს გამართული აქციის შემდეგ მიიღო, რომელზეც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მისვლა გააპროტესტეს.