რომან გოცირიძე: სახალხო დამცველის მოხსენება უკიდურესად საგანგაშოა, ამ მოხსენების შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, სახალხო დამცველის მოხსენება უკიდურესად საგანგაშოა.

მისივე თქმით, ამ მოხსენების შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

“სახალხო დამცველის მოხსენება არის უკიდურესად საგანგაშო და ამ მოხსენების მერე ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა. როცა კრიმინალი არსებობს ქვეყანაში, ის აუცილებლად გაჩნდება დახურულ სისტემაში. ციხეში „მაყურებელი“ ეს არის ფაქტობრივად, ციხეში ფინანსური კრიმინალური სისტემის აღდგენა, რომელიც ძალადობს ერთი მხრივ, პატიმარზე და მეორე მხრივ, მათ ოჯახებზე. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ კრიმინალის გამოყენება საარჩევნო და სხვა მიზნებისთვის გახდა ციხეში კრიმინალური სუბკულტურის აღდგენის მიზეზი. ამიტომ ხელისუფლებისთვის ეს არის განაჩენი, ერთადერთი წარმატებული სფერო, რომელიც მათ ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, ციხეებში მდგომარეობის მეტ- ნაკლებად გაუმჯობესება, ესეც ფაქტობრივად, ჩამოეშალათ. მეორე წარმატება რაც იყო, ეს გახლდათ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და აგერ 300 მილიონიანი დავალიანებით დაამთავრა ეს წელი ჯანდაცვის სისტემამ და კრახი განიცადა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ.

ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა და N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მონიტორინგმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ, როგორც ნახევრად ღია ტიპის ისე დახურული ტიპის დაწესებულებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები