გიორგი გახარია 21-24 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში 21-24 იანვარს შედგება.

სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში “New Ambitions for Europe”.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების – “Uniting Europe” მონაწილეებს და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესტუმრება პრეზენტაციას – „Cool Kids on Blockchain”, რომელზეც წამყვანი შვეიცარული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი Vault Wines-ი ქართულ ინოვაციას წარადგენს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები