სალომე სამადაშვილი: თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, ის საზოგადოებასთან კონფლიქტს კიდევ უფრო გააღრმავებს
თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, ის საზოგადოებასთან კონფლიქტს კიდევ უფრო გააღრმავებს, -ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას არ დათანხმდება, არჩევნები არსებული, შერეული სისტემით ჩატარდება.
სამადაშვილის თქმით, მოთხოვნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საზოგადოების და მოქალაქეების მოთხოვნაა.
“ხელისუფლებას ავიწყდება, რომ, მართალია, ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებებს აწარმოებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მაგრამ მოთხოვნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არის საზოგადოების და მოქალაქეების მოთხოვნა. თუ დათმობაზე არ წავა ხელისუფლება, ის კიდევ უფრო გააღრმავებს კონფლიქტს საზოგადოებასთან, რომელიც უკვე არსებობს. “ქართულ ოცნებას”, ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვანაირად ესახებათ საქართველოს მომავალი. რაც უფრო დაუპირისპირდება საზოგადოების მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, მით უფრო გაღრმავდება ეს კონფლიქტი,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.