ვალერიან გორგილაძე : NDI” – ის მიერ 2012 წლის თებერვალში გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ოქტომბერში კი ხმა ოპოზიციას მისცა
„NDI” – ის მიერ 2012 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევებით, გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ოქტომბერში კი ამ უმრავლესობამ ხმა ოპოზიციას მისცა. ამის შესახებ ექსპერტმა POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან” ერთად განაცხადა.
„NDI-ის დაკვირვების ისტორიაში ფიქსირდება ორი ძალზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებელი ფიქსირდება 2012 წლის თებერვლის კვლევაში, სადაც გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნდა, რომ 2012 წელს, თებერვალში, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა. ოქტომბერში ტარდება არჩევნები და როგორც ჩანს, ეს უმრავლესობა ხმას აძლევს ოპოზიციას” – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.
ამის მიზეზად თოქშოუს ავტორმა სააკაშვილისადმი შიშის ფაქტორი დაასახელა. შალვა რამიშვილის თქმით, იმის შიშით, რომ სააკაშვილი დასჯიდა, ხალხს მაშინ ეშინოდა ეთქვა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
„და ეს ვისი პრობლემაა? ანუ მეორე პრობლემაა, როდესაც არასაკმარისი პირობა გაქვს. თუ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას აზრი არ აქვს. სხვათა შორის, სტალინი ატარებდა. 1937 წელს აღწერა ჩატარდა და სტალინმა მიიღო საგანგაშო შედეგი. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი მორწმუნე იყო” – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.
ექსპერტმა მაგალითად მის მიერ 2008 წელს ჩატარებული ორი – სატელეფონო და საველე კვლევები მოიყვანა.
ვალერიან გორგილაძის თქმით, ამ ორი კვლევის შედეგები შედარებისას სხვადასხვა აღმოჩნდა – სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 100% (პირობითად 150 რესპოდენტი) ხმას აძლევდა ნაციონალურ მოძრაობას. პირისპირ ინტერვიუს შედეგი კი ბევრად დაბალი იყო.